"შიდაპარტიული კვლევები გაყალბებული იყო..." - გედევან ფოფხაძე

13:18 02-25-2019
35

უმრავლესობის უკვე ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ პარტიაში შიდა ბრძოლები მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მაგალითი შიდა კვლევების გაყალბებაა.

როგორც გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაყალბებული კვლევები კონკრეტული წევრების რეიტინგებს ეხებოდა. 

"მეც დამიყენეს საკითხი, ნუ დადგები მაჟორიტარად და ჩაეწერე სიაშიო. ეს გამოკითხვები იყო გაყალბებული, არ მინდა სახელების და გვარების დასახელება, მე სხვა კანდიოდატებსაც ვაპროტესტებდი, ჩემი პოზიციები არ იყო გაზიარებული. ბევრი ადამიანის რეკომენდატორად ვითვლები, ვინც არის "ქართულ ოცნებაში", მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ამ პროცესის ნაწილი გავხდე. მე თუ რეიტინგი არ მაქვს, რატომ მიყენებ საქმეს, ვინმეს რეკომენდატორი გავხდე?! იყო მაგალითად, ბორჯომში, ვთქვათ გაქვს 7% რეიტინგი და ნუ დადგები მაჟორიტარად, როცა ვიკითხე, რომ სად ჩატარდა, როგორ ჩატარდა, ეს გამოკითხვები, ამომწურავი პასუხი ვერ მივიღე. როცა მითხრეს, რომ ვიღაცას აქვს ცნობადობა 51%, და შენ 40%, ვთქვი, ამ ადამიანს არ ვიცნობ მეთქი, შეიძლება არ ვუყვარვარ იმ საზოგადოებას, მაგრამ ცნობადობა 40%ზე მეტი თბილისში მაქვს, ბორჯომში სკოლა დავამთავრე და უფრო მეტი მიცნობს, რა თქმა უნდა", - განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, შიდა კვლევები პარტიაშივე გაყალბდა.

"ქართულ ოცნებას" ნუ დავარქმევთ მაგას. მიმაჩნია, რომ ეს არის შიდაპარტიული ბრძოლის ნაწილი, რომელშიც ბიძინა გეგიძე იღებდა მონაწილეობას და რომელსაც არ გავექცევი. მე მორალურ პასუხისმგებლობას გავურბივარ, რომელსაც არ ვეთანხმები", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

დეპუტატი გედევან ფოფხაძე მმართველ გუნდს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება ფოფხაძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დეპუტატი მმართველი გუნდიდან წასვლის მიზეზად სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ასახელებს.