„მეგონა, რომ მართლა საქმეს ვემსახურებოდი. პოლიტიკაში მორალური უპირატესობა დავკარგე. მიდის „ქართული ოცნების „ნაციონალიზაციის პროცესი, როგორც იდეურ, ასევე პიროვნულ დონეზე, - აცხადებს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე, რომელმაც უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ფოფხაძის განცხადებით, საზოგადოებასა და მმართველ პარტიას შორის დიდი ბზარი გაჩნდა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდა.
„2012 წლის 1-ელი ოქტომბერი ძალიან კარგად მახსოვს და ამ დღესთან ემოციური კავშირი არ დამიკარგავს, მაგრამ მორალური უპირატესობა დავკარგე. ის მორალური უპირატესობა, რომელიც 2012 წელს, 1-ელ ოქტომბერს მე მქონდა, ამას განვიცდიდი და მეგონა, რომ მართალ საქმეს ვემსახურებოდი, ხალხისთვის ვაკეთებდი ამას, ამას განვიცდიდი ხალხთან ურთიერთობითაც, იქიდანაც იგივე ემოცია მოდიოდა, ამიტომ ეს მორალური უპირატესობა მე მჭირდება, პოლიტიკაში რომ ვიყო. თუ მე ამას დავკარგავ, მე მეეჭვება, რომ რაიმე საკითხთან დაკავშირებით ვინმესთვის ღირებული იყოს. რეალობა დღეს ისეთია, რომ მიდის „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის“ პროცესი, როგორ პერსონალურ დონეზე, ისე ღირებულებით დონეზე - ჩვენ ვთქვით, რომ გვაწყობს „ნაციონალების“ პროკურორები, „ნაციონალების“ მოსამართლეები, „ნაციონალების“ ჩინოვნიკები. ბიზნესმენებიც, ვინც იმ დროს კარგად იყო, ძალიან კარგად არის, ამას ყველაფერს ჩვენი პოლიტიკური გარანტიები დაემატა და ეს გავამართლეთ იმით, რომ „აბა, როგორ, სულ ხომ რეპრეიებს არ მოვუწყობთ ვიღაცას?“ რეპრესიებზე არ საუბრობდნენ, საუბრობდნენ იმაზე, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, როდესაც არაკეთილსინდისიერად ემსახურება, მან პასუხი უნდა აგოს თავის არაკეთილსინდისიერებაზე და სწორედ ეს იყო მორალური ვალდებულება, რომელიც ჩვენ 2012 წლის 1-ელმა ოქტომბერმა დაგვაკისრა.
ეს ვალდებულება ჩვენ ავიღეთ, მაგრამ მისი დიდი ნაწილი არ შევასრულეთ და დღეს, ჩვენ ისევ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენსა და მოსახლეობას შორის ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა და ეს ბზარი ოფიციალურად გაგვიფორმა საზოგადოებამ ბოლო საპრეზიდენტო არჩვნებზე, როდესაც გვითხრა, რომ ჩვენ თქვენ არ მოგვწონხართ, არ გვინდიხართ ან რაღაც ქენით, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.