დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა ორი ფრაქცია შექმნან.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ახალი პლატფორმის შექმნისთვის საჭიროა ფრაქციის შექმნა, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ყველა შესაძლებლობის გამოყენების კარგი მექანიზმია.
„ფრაქცია ამ პროცესებში აქტიურ ჩართვას გააადვილებს, ეს იქნება კომიტეტები თუ საპარლამენტო ტრიბუნა. ფრაქციას ვუყურებთ, როგორც არა მიზანს, არამედ როგორც საშუალებას. რამდენიმე ადამიანი მზად არის, რომ ჩვენთან ერთად იყოს. საჭიროა კონსულტაციების გაგრძელება. უმრავლესობას კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს, ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია ლაგდება და იცვლება როგორც ფრაქციების, ასევე უმრავლესობა-უმცირესობის შემადგენლობა. მოგვიწევს ახალ პოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენი ადგილი ვიპოვოთ. შეიძლება, მოგვიანებით არა ერთი, არამედ ორი ფრაქცია გაკეთდეს, როცა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს სხვა დეპუტატები შემოუერთდებიან. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, უმცირესობა ახალი შემადგენლობით გადავაწყო და ფრაქციების გადალაგება მოხდეს. შესაძლებლობად მიგვაჩნია, რომ ძალიან მალე კონსულტაციები წარმატებით დავასრულოთ მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ხელშეშლა იქნება. ჩვენი მიზანია, სამართლიანობა გარანტირებული იყოს ყველასთვის. პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა უნდა გავაერთიანოთ", - აცხადებს დეპუტატი.
ბესელია აღნიშნავს, რომ მას ნდობის ჯგუფიც დატოვება მოუწევს.