ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა საპატრიარქოს პასუხობს. მისი თქმით, თუ კი ამ დანაშაულის მონანიებაში საპატრიარქო გულისხმობს იმას, რასაც დეკანოზს პროკურატურა ედავება და რაზეც მისჯილი აქვს, ამას ვერასდროს მიიღებენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, საპატრიარქო მამა გიორგის იმ შემთხვევაში უშუამდგომლებს, თუ ბრალდებული დეკანოზი თავის წილ დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, თორნიკე მამალაძემ ასე უპასუხა: „მამა გიორგი უდანაშაულოა და იმ დანაშაულს არასდროს აღიარებს, რაც არ ჩაუდენია“.
მისივე თქმით, წერილს, რომლის შესახებაც საპატრიარქოს განცხადებაშია საუბარი ვერ გაასაჯაროებს, რადგან არ აქვს.
"როგორც მეუფე დიმიტრიმ თქვა, ამ წერილს გაიტანს წმინდა სინოდზე და განვიხილავო. თუკი მეუფე დიმიტრი მიიჩნევს, რომ ის არა არის საჯაროდ განსახილველი საკითხი, ჩემთვის მიუღებელია, რატომ ცდილობს საქართველოს საპატრიარქო იმ თემებზე საუბარს, რაც ეპისკოპოსებისთვის მიუღებელია, რომ ამაზე საჯაროდ იყოს საუბარი. მე ვრწმუნდები, რომ თავადაც ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას, რადგანაც ის ეპისკოპოსები, რომლებსაც ეს წერილი მიუვიდა, ამბობენ, რომ ეს საჯაროდ განსახილველი არ არის და სინოდზე განსახილველია", - განაცხადა მამალაძემ.
დღეს საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.