ქიმიური კასტრაცია პედოფილებისთვის - იურიდიულმა კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა

19:04 02-26-2019
504

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს ლეონიდ ჩერნოვეცკის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც პედოფილების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით ქიმიური კასტრაციის შემოღებას გულისხმობს. 

საკანონმდებლო ინიციატივაში დეტალურად არის გაწერილი იძულებითი ქიმიური კასტრაციის დეტალები. დოკუმენტში ვკითხულობთ:

“სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დამნაშავის ორგანიზმში სამედიცინო პრეპარატების შეყვანა, რომლებიც ამცირებს არაჯანსაღ სქესობრივ მიდრეკილებას.

გამოსაყენებელი სამედიცინო პრეპარატების სახეობას, ასევე მათი დამნაშავის ორგანიზმში შეყვანის პერიოდულობას და ოდენობას განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულება საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. “

ლეონიდ ჩერნოვეცკის ინიციატივასთან დაკავშირებით მსჯელობისას იურიდიულ კომიტეტზე აღინიშნა, რომ სასჯელის სახედ იძულებითი ქიმიური კასტრაცია ევროპის ქვეყნებში მხოლოდ პოლონეთში გამოიყენება, ისიც მხოლოდ სასჯელის მოხდის შემდეგ.

" ქართულ კანონმდებლობაში ქიმიური კასტრაციის, როგორც ძირითადი სასჯელის სახედ მიღება არ იქნებოდა გამართლებული ნაბიჯი. თუკი, ჩვენ გავიზიარებთ ამ კანონს შეიძლება აღმოვჩნდეთ მოცემულობაში, როდესაც წამებას დავადგენთ კანონიერად, რაც არის მიუღებელი.- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იურიდიულმა კომიტეტმა პედოფილიისთვის ქიმიური კასტრაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ტიპის ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის გამკაცრებას გეგმავს. ძალოვანი უწყება უახლოეს პერიოდში წარდგება პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებით, რომლის მიხედვითაც, ასეთი ტიპის დანაშაულისთვის სასჯელის სახედ უვადო პატიმრობა განისაზღვრება.

 

ავტორი: თაკო ტომარაძე