სად განთავსდება და ვის შეეხება ფასიანი პარკირება? ახალი დეტალები

16:22 02-27-2019
655

თუ პირველ ივლისს კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაზე გადაწყვეტთ ავტომობილის დაპარკინგებას გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის ფულის გადახდა მოგიწევთ. პარკირების ახალი სისტემა ძალაში სწორედ 1 ივლისიდან შედის. ზონალური პარკინგი კი თავდაპირველად ძველ თბილისში კოტე აფხაზის (ლესელიძე) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

რა იქნება საათობრივი პარკირების ღირებულება?

ქალაქის ამ მონაკვეთზე ავტომობილის გაჩერება დღეში 4-ჯერ 15- 15 წუთით უფასოდ იქნება შესაძლებელი. 15 წუთის გასვლის შემდეგ კი პარკირების 1 საათის ღირებულება 50 თეთრი იქნება. 

ვის არ შეეხება გადასახადი?

გადასახადი  არ შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების მანქანებს. ასევე, იმ ავტომობილების მფლობელებს, რომლებიც ზონალური პარკირების ქუჩაზე ცხოვრობენ. ან არ ცხოვრობენ, თუმცა ფლობენ კერძო ფართს ბიზნესისთვის. მაგალითად: თუ თქვენ ლესელიძის ქუჩაზე ფლობთ სწრაფი კვების ობიექტს- თქვენთვის პარკინგი უფასო იქნება. მაგრამ თუ თქვენ ამ სწრაფი კვების ობიექტში მუშაობთ- პარკირებისთვის გადასახადის გადახდა მოგიწევთ.

როგორ უნდა გადავიხადო?

დაინერგება აპლიკაცია, რომლის ტელეფონში გადმოწერაც იქნება უფასო. როდესაც თქვენს ავტომობილს ზონალური პარკინგის მონაკვეთზე გააჩერებთ აპლიკაციაში მიუთითეთ დაპარკინგების დრო. სისტემა ავტომატურად დაითვლის თქვენი ავტომობილის გაჩერების ხანგრძლივობას და თანხასაც ავტომატურ რეჟიმში ჩამოგაჭრით.

რა მოხდება მაშინ თუ პარკინგის დროს აპლიკაციით არ ისარგებლებთ? 

ზონალურ-საათობრივი პარკირების მონაკვეთებში ე.წ. კონტროლიორები ივლიან. თქვენი ავტომობილის სერიას სისტემაში გადაამოწმებენ და თუ აღმოაჩენენ, რომ არაკეთილსინდისიერი მძღოლი ხართ დაგაჯარიმებენ. ჯარიმის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ჯარიმებიდან შემოსული თანხები კი მთლიანად სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და მოხმარდება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას.

P.S.

გაითვალისწინეთ, რომ ზონალური პარკირების სისტემის დანერგვა არ ნიშნავს ე.წ საპარკინგე საშვების  გაუქმებას. ქალაქში პარკირებისთვის საშვი ავტომობილის მძღოლს კვლავ დასჭირდება. ხოლო, ზონალური პარკირების მონაკვეთზე საშვთან ერთად ზემოთჩამოთვლილი რეგულაციებიც ამოქმედება.

​კიდევ სად იქნება ზონალურ საათობრივი პარკირება?

უცნობია. დედაქალაქის მერიაში ამ საკითხზე მუშაობა ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

 

 

 

ავტორი: თაკო ტომარაძე