ელექტრო სიგარეტის მოხმარების საგანგაშო სტატისტიკა მოზარდებში

18:11 02-27-2019
281

საქართველოში 15-16 წლის ასაკის ყოველი მე-9 მოზარდი ელექტრო სიგარეტის მომხმარებელია. ანუ ამ ასაკის არასრულწლოვნები ასეთი ტიპის სიგარეტს ინტენსიურად მოიხმარენ. ეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკაა. გამოკითხვა მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩატარდა. ელექტრო სიგარეტს ყველაზე ხშირად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მოიხმარენ. როგორც ირკვევა, ამ ტიპის სიგარეტის შეძენაზე კონტროლი ფაქტობრივად არ არსებობს. მისი ყიდვა შეუძლია ნებისმიერს, მათ შორის არასრულწლოვანს ისე, რომ გამყიდველს პირადობის მოწმობა არ წარუდგინოს. ელექტრო სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მისმა ღირებულებამ მკვეთრად იკლო. თუ ადრე ის 60-70 ლარი ღირდა, ახლა მისი შეძენა სულ რაღაც 20-30 ლარად არის შესაძლებელი.

გამოკითხულთა 12 პროცენტი, ანუ ყოველი მეცხრე მუდმივად მოიხმარს ,ელექტრო სიგარეტს რაც საკმოდ დიდი და საგანგაშო ციფრია- მით უმეტეს ჩვენი მასშტაბის ქვეყნისთვის. ეს სერიოზული პრობლემაა - აცხადებს გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი.

ელექტრო სიგარეტები მსოფლიო ბაზარზე 8 წლის წინ გამოჩნდა. საქართველოში კი გასული წლიდან ის თამბაქოს ნაწარმის ჩამონათვალში გაერთიანდა. ანუ, მასზე კანონმდებლობით ყველა ის აკრძალვა ვრცელდება რაც თამბაქოზე. მათ შორის: რეკლამა, პოპულარიზაცია. მათ შორის ინტერნეტის საშუალებით. თუმცა, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით რთულად კონტროლირებად სფეროს წარმოადგენს.

ელექტრო სიგარეტის მავნებლობა დადასტურებულია. ის უფრო ადრე იწვევს პირის ღრუს და საყლაპავი მილის კიბოს ვიდრე თამბაქო. სასიკვდილო შედეგი უფრო მალე დგება ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის შემთხვევაში.ასევე, ელექტრო სიგარეტის მოხმარების შედეგად ხშირია სასუნთქი გზების უამრავი დაავადება, მათ შორის ასთმა.რატომ? იმიტომ, რომ ხდება დიდი რაოდენობით ნიკოტინის შეწოვა ორგანიზმში. არის შემთხვევები, როდესაც ეს მოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა, აფეთქდა.- აცხადებს გიორგი ბახტურიძე 

ავტორი: თაკო ტომარაძე