"როგორ მოხდა, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, გადახდის ვადა გაიზარდა 1 წლით?"- გია აბაშიძე "თიბისი ბანკის" საქმეზე

16:03 02-28-2019
334

ექსპერტი გია აბაშიძე "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით, "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. 

ექსპერტი ფიქრობს, რომ საქმეში ბევრი კითხვაა, და ამაზე უფრო მეტია პოლიტიკური სპეკულაციები. 

"ვკითხულობ პროკურატურის დღევანდელ განცხადებას TBC-ზე და მებადება არაერთი შეკითხვა წარმოდგენილ სქემაზე:

დავუშვათ, ყველაფერი, რასაც ამბობს ხაზარაძე & ჯაფარიძე რიგზეა და არაფერი გათეთრებულა, როგორ მოხდა ხსენებული კომპანიებისათვის ["სამგორი M” და ,,სამგორი თრეიდი“] ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა გაიზარდა 1 წლით? 

რა პარამეტრით მიენიჭათ მათ სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე უიმედო კლასიფიკაცია? 

რა პრინციპით მოხდა სესხის ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადატანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა? 

რატომ არ მოხდა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა? 

მეტიც, რატომ არ მოხდა ანგარიშზე არსებული თანხის ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა?

თავიდანვე ხომ არ იყო ცნობილი TBC-თვის ის, რომ ეს არაა ავთო წერეთლის კრედიტი და ამიტომაც ჰქონდა მის მიმართ 'გამონაკლისი ლოიალობა'?

ვინმეს ერთი წამით მაინც წარმოუდგენია მსგავსი "სქემით" ტექნიკის ან მანქანის განვადებით ყიდვა, უძრავ-მოძრავი ქონებით დატვირთვა და მერე ასე გაუგებრად 'თავის დაძვრენა'? უმეტესობა ჩვენგანმა ხომ იცის, რა არის "შავი სია", 'კრედიტინფო', 'მღებრიშვილის გოგო-ბიჭების' მუქარის ზარები, დილაადრიანად სახლში მოვარდნები, აღსრულების ბიუროს მტკივნეული აქტივობები, საკრედიტო ისტორიის საბოლოო გაშავება და ა.შ?..

შეკითხვა არაერთია, გაუცემელი პასუხები ბევრი, ხოლო პოლიტიკური სპეკულიაციები კი იმაზე უფრო მეტი...", - წერს გია აბაშიძე.