ექიმი - ავარიაში გარდაცვლილი თენგიზ ნაზღაიძის დეიდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

11:53 03-01-2019
94

ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ზედა ეწერში 28 თებერვალს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე, გარდაცვლილი თენგიზ ნაზღაიძის დეიდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმედ რჩება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ზუგდიდის რეფერალური კლინიკის მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.

“ავარიის შედეგად დაშავებული ქალბატონი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰოსპიტალში შემოყვანიდან არ გაუმჯობესებულა. მას აღენიშნება თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რაც შეეხება მეორე დაშავებულ მამაკაცს,მიუხედავად მრავლობითი მოტეხილებისა, ის კონტაქტურია და უტარდება შესაბამისი კვლევები და მკურნალობა“, - განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ორჟონიამ.

როგორც ირკვევა, დაშავებული კაციც ნაზღაიძის ავტომობილით მგზავრობდა.

ავარია ცენტრალურ მაგისტრალზე გუშინ მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც  თენგიზ ნაზღაიძე  მართავდა,  „კამაზის“ ტიპის სატვირთო მანქანას შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა თენგიზ ნაზღაიძის დედა შორენა ქალდანიც.

 

 

 

თეა შონია