საპატრიარქოში დარწმუნებულები არიან, რომ ჩემი ძმა არავის მკვლელობას არ აპირებდა - თორნიკე მამალაძე

13:15 03-01-2019
62

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში დარწმუნებულები არიან, რომ დეკანოზი ვინმეს მკვლელობას არ გეგმავდა.

ამის შესახებ თორნიკე მამალძემ ჟურნალისტებს გლდანის ციხესთან განუცხადა, სადაც ამჟამად გიორგი მამალაძე იმყოფება.

"რაც შეეხება საპატრიარქოს სიტყვებს, რომ ისინი ითხოვენ ჩემი ძმისგან სინანულს, ეს სინანული შეეხება მხოლოდ და მხოლოდ სულიერ მდგომარეობას, რაც საეკლესიო წრეებში უნდა მოხდეს. როგორც მამა ანდრიამ ჩენთან პირად საუბრებში აღნიშნა: იმ ბრალის აღიარებას, რის გამოც ჩემი ძმა უკანონოდ ზის, რა თქმა უნდა, არასდროს მოითხოვენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ჩემი ძმა არასდროს არავის მკვლელობას არ გეგმავდა", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მისი თქმით, საპატრიარქოსთან კარავი იმიტომ დგას, რომ ციხის პირობებში, მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას აპროტესტებს და მის გათავუსუფლებას ითხოვს.

"ჩვენი იქ დგომა და ჩემი ოჯახის პროტესტი არ ეხება ეკლესიის დისკრედიტაციას, ამასთან დაკავშირებით პირადად მქონდა საუბარი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა ვაგრძელებ საპროტესტო აქციას მანამ, სანამ ჩემი ძმა არ განთავისუფლდება",- აცხადებს თორნიკე მამალაძე.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევს და თვლის, რომ მისი ძმა ვერ გამოჯანმრთელდება საპყრობილეში და აუცილებელია მისი გათავისუფლება.

 

 

გიორგი ფარულავა