რა ქონებას ფლობს ზუგდიდის ყოფილი მერის საქმის მთავარი მოწმე ბიზნესმენი

17:51 03-01-2019
146

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია,რომელიც ზუგდიდის ყოფილი მერის საქმეზე ერთადერთი მოწმეა, შესაძლოა, სოფელ ცაიშში ბარნეოლოგიური კურორტის მეპატრონე გახდეს. “პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბიზნესმენმა ეს ტერიტორია გასულ კვირას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სამეგრელოს გუბერნატორის პრესსამსახურში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ ცაიშში, ბარნეოლოგიური კურორტით დაინტერესებულია ბიზნესმენი და ის   ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია, ზუგდიდის დაკავებული მერისა და ვიცე-მერის საქმეში მთავარი და ერთადერთი მოწმეა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საკმაოდ დიდ ქონებას ფლობს - სოფელ ჭკადუაშში მიწები,ზედა ჩხორიაში საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები. ის სოფელ ზედაეწერში სავაჭრო ცენტრის და სასტუმროს აშენებასაც აპირებს, ამისათვის კი ფართები უკვე მის მფლობელობაშია.

ამას გარდა, ბიზნესმენის საკუთრებაშია არაერთი ბენზინგასამართი სადგური ფაიფურის უბანსა და სოფელ კახათში. ასევე ფლობს საცხოვრებელ სახლს ქალაქში, მცხეთის ქუჩაზე. მის მფლობელობაშია ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორიის ნაწილიც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, გასული წლის ნოემბერში დააკავა. დეკემბერში კი, ამავე საქმეზე, მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს.

ლაშა გოგიას ადვოკატის, ნიკოლოზ მჟავანაძის განმარტებით, ამ საქმეზე ბრალდების  მხარე მხოლოდ ერთი მოწმის, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას ჩვენებას ეყრდნობა, რომელმაც თავდაპირველ ჩვენებაში ვინმესთვის თანხის გადაცემა უარყო.

„რუსეთში სხვა გვარს ატარებს - ოგნევია, აქ კი კვირკვიაა. დაკითხული ჰყავთ საიდენტიფიკაციო კოდით, რომლითაც არ იძებნება“,-ამბობს ადვოკატი.

 

 

 

თეა შონია