ზვიად კუპრავას ადვოკატის, ლევან დავითაიას განცხადებით, კუპრავას საკნის მეზობელი ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანია. ადვოკატის განმარტებით, ეს კუპრავას უფლებებს არღვევს, ვინაიდან სუბელიანი სწორედ მისი მამხილებელი ჩვენების საფუძველზეა დაკავებული. დავითაია პროკურატურისგან შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვს.
თავად კუპრავას სასამართლოზე ეს ფაქტი არ გაუპროტესტებია, თუმცა მიიჩნევს, რომ ის მატროსოვის ქუჩაზე მდებარე დაწესებულებაში უნდა იყოს.
„მე არ ვარ პიროვნება, რომელიც მარტივად შეიძლება დაექვემდებაროს ამას. მე არაფერი მესაქმება გლდანის ციხეში, როგორც პოლიციელი, როგორც აქტიური პოლიტიკური პირი, უნდა ვიყო მატროსოვზე, - აცხადებს კუპრავა.
უფლებადამცველ ზვიად კუპრავას სასამართლომ ახალი დანაშაულის ჩადენის გამო ძველ დანაშაულზე შეფარდებული გირაო პატიმრობად 21 თებერვალს დაუსწრებლად შეუცვალა. გირაო მას სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო ჰქონდა შეფარდებული, 19 თებერვალს კი მას უფლებადამცველი ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის გამო ძალადობის მუხლით ახალი ბრალი წარუდგინეს.
24 თებერვალს კუპრავა დააკავეს.