მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ საკანონმდებლო ორგანოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აანონსებს.
ორგანიზაციის წევრების თქმით, სანამ სათამაშო ბიზნესი თავისუფალია და სანამ ხელისუფლება დუმს, ათასობით ოჯახი იღუპება აზარტული თამაშების ჭაობში.
„2017 წლის მონაცემებით, ჯერ კიდევ 2 წლის წინ 400 000 ადამიანი იყო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული. დღეს მათი რიცხვი 500 000-ს აღემატება. ყოველდღიურად იზრდება მოთამაშეთა რიცხვი. საქსტატს არავითარი მონაცემები არ აქვს ამასთან დაკავშირებით. ჩვენი ძალებით, დამოუკიდებლად ვერ ვახერხებთ საფუძლიანი კვლევების ჩატარებას, რადგან ბიუჯეტის გარეშე, სრულიად სუფთა ხელებით ვმუშაობთ. ამიტომ, უხეში გაანგარიშებითა და აპრობირებული კვლევის მეთოდით, ჩვენ თვითონვე დავთვალეთ, თუ რამდენი ადამიანი აკითხავს სამორინეს დღის განმავლობაში. ათი წუთის მანძილზე 7-8 ადამიანი შედის ერთ სათამაშო დაწესებულებაში. დღიურად 1000-დან 1500 მდე ადამიანი სტუმრობს ტოტალიზატორსა თუ კაზინოს. საკამოდ საფუძვლიანად იმუშავა ჯგუფმა. მივეცით კანონპროექტის სახე, თუმცა მის დამტკიცებას არავინ ჩქარობს. თაროზეა შემოდებული და სათამაშო ბიზნესი თავისუფალია. მიუხედავად, ამდენი სავალალო შემთხვევებისა. 600 000-მდე თამაშდამოკიდებული პირი ამდიდრებს ორ-სამ ადამიანს, ისინი კი, თავიანთ ლობისტებს. გასაგებია, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა ირიცხება სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა 600 000 ადამიანი რომ დასაქმდეს და მათ, შემოსავლის 20 პროცენტი შეიტანონ იმავე ბიუჯეტში, ხომ ისევ სოლიდური თანხა გამოვა? შიდა ბაზარზეც დახარჯავენ ფულს და დაკავდებიან, თუნდაც თვითდასაქმებით, ესეც ხომ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში წვლილის შეტანაა?“, - აცხადებს „პრაიმტაიმთან“ მოძრაობის დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე.
აქციები სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება.