პოლიციელებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით 16 წლის ბიჭი დააკავა. არასრულწლოვანი პირობითი მსჯავრის ქვეშ უკვე იმყოფებოდა. მასთან ერთად დანაშაულში ასევე მხილებულია მისი 15 წლის თანამზრახველი.
შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებულები ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ზოომაღაზიის გაქურდვას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
ასევე, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე 1971 წელს დაბადებული ი.ღ დააკავეს, მას საკანალიზაციო ჭის 2 თავსახურის მოიპარვა ედება ბრალად. ნაქურდალი ნივთები პოლიციამ, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.