საქართველოს პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი წერილი გაასაჯაროვა. ხაზარაძის მტკიცებით, მუქარის შემცველი წერილი მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოუგზავნა.
წერილში მოთხოვნები სამ პუნტქად არის ჩმოყალიბებული:
1 - უახლოეს ხუთ დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე. (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).
2 - მ.ხ-მ (იგულისხმება მამუკა ხაზარაძე) უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში. რომ ამის გამოერება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (უკვე მისი ინტერპრეტაციაცაა შესაძლებელი).
3 - არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.
წერილის თანახმად, აღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოყენებული იქნებოდა ყველა სამართლებრივი და ობიექტური საშუალება შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია პირველი ბიზნესმენ ვატო წერეთლის მფლობელობაშია. როგორც ცნობილია, პროკურატურა იკვლევს მამუკა ხაზარაძის ფინანსურ ტრანზაქციებს სწორედ წერეთლის კომპანიებთან - სამგორი M-თან და სამგორი თრეიდთან მიმართებაში.
რაც შეეხება წერილის მეორე პუნქტს, ნაციონალური მოძრაობის მოსალოდნელი რევანშის შესახებ მამუკა ხაზარაძემ არჩევნების წინ განცხადება მართლაც გაავრცელა და საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
არტარეა კი გახლავთ პირველი ქართული ციფრული მაუწყებლობა ხელოვნებასა და კულტურაზე, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ფუნქციონირებს.