„ჩემთვის სულ გრძელცხვირიანების ტენდენციაა“ - რუსკა მაყაშვილი კეხიანი ცხვირის მოდის ტენდენციამ გაახარა (Exclusive)

18:31 03-06-2019
972

კეხიანი ცხვირი და ბუნებრიობა 2019 წლის მოდის ტენდენციად სახელდება. მოდის ერთ-ერთი გვერდი წერს: „დღეს უკვე იმდენად დიდია ხელოვნურობა, რომ ნატურალიზმი ყველაზე დიდ სილამაზედ იქცა.“

ამიტომაც, 2019 წლიდან მოდის ტენდენციებს ძგიდიანი (კეხიანი) ცხვირი განაგებს. რინოპლასტიკა ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს პლასტიკურ ქირურგიაში. ბევრი „ცხვირმოჭრილი“ ქართველი სელებრითი ვიცით, თუმცა არიან კეხიანებიც და ბუნებრივი ცხვირი მათ სავიზიტო ბარათად ითვლება. პირველი, ვინც ასეთ დროს გახსენდება, მსახიობი რუსკა მაყაშვილია. რუსკა რინოპლასტიკის წინააღმდეგია და ძალიან მოხარულია წლევანდელი ტენდენციით.

რუსკა მაყაშვილი: - ჩემთვის სულ გრძელცხვირიანების ტენდენციაა. ნატურალიზმს ბოლომდე „ვაწვები“, პრინციპში, სხვა გზაც არ მაქვს. ეს იმაში გამოიხატება, რომ არაფერი არ მაქვს „გაკეთებული“.  ბოლომდე ბუნებრივი ვარ.

- ამბობენ, რომ ცხვირი „გაიკეთეთ“, ოდნავ კორექცია შეიტანე...

- მე? უი, დედაჩემო, არა. ისევ ისეთივე გრძელი ცხვირი მაქვს და ისევ ისეთივე კეხით. 

- არასდროს გდომებიათ ოპერაციის გაკეთება?

- ოპერაციის გაკეთება მინდოდა. გარდატეხის ასაკში საშინელება მჭირდა ცხვირზე, მომეღრიცა, დამეღრიცა. დედაჩემმა შემაჩერა, 25 წლამდე მოიცადე და მერე კიდე თუ გენდომება, გაიკეთეო. მერე თითქოს დაჯდა ჩემი ცხვირი. ხასიათია ჩემი. ყველა პატარა ცხვირიანი ხომ არ იქნება? შევეგუე, მორჩა ეგეთი ვარ. მომწონს კიდეც ჩემი გრძელი ცხვირი, ახლა მთლად მოდაში თუ შემოვიდა, ხომ საერთოდ. კომპიუტერულ პროგრამაში მინახავს როგორი ვიქნებოდი მოკლე ცხვირში და სულ სხვა ადამიანი ვარ. იმ ცხვირში მე არ ვარ.

- ზედმეტსახელი ხომ შეგარქვეს ცხვირის გამო?

- ჩემი მეგობარი ირაკლი ჭირაქაძე - ჩემი მეწყვილე სანტა „კურნოსას“ მეძახის. ვერთობი ამ ზედმეტსახელზე.

 

თამარ გონგაძე