საგარეო საქმეთა სამინისტრო შენგენის წევრ სახელმწიფოებში წასვლის მსურველებს მიმართავს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში, ევროკავშირის ქვეყნებმა სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრეს და უწყება საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, როგორ უნდა მოიქცნენ.
„ბოლო პერიოდში, ევროკავშირის/შენგენის წევრმა სახელმწიფოებმა გაამკაცრეს სასაზღვრო კონტროლი. შედეგად, საქართველოს არაერთ მოქალაქეს, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ ევროკავშირის/შენგენის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს და არ ფლობდნენ შესაბამის საბუთებს, უარი ეთქვათ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე.
კიდევ ერთხელ შევახსენებთ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში წასვლის მსურველებს, გამგზავრებამდე მოაწესრიგოთ უკლებლივ ყველა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების საზღვრის გადაკვეთისთვის“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებს არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მის კომპეტენციაში და შეცვალოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შეშვების მიზნით.