სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა სატვირთო ავტომობილების თითქმის 10-კილომეტრიანი საცობები, რაც როგორც დროზე, ასევე ეკოლოგიურ პრობლემებზე მძაფრად აისახება.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ასეულობით სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებას თითქმის მთლიანად პარალიზებული აქვს საგზაო მოძრაობა ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით და ეს სხვადასხვა სახის რისკთან ასოცირდება.
სპეციალისტები მთავრობას ვითარების გამოსასწორებლად დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.
არის რამდენიმეკილომეტრიანი საცობი, პრაქტიკულად პარალიზებულია მოძრაობა, რადგან სავალი ნაწილის ერთ-ერთი ზოლი პრაქტიკულად დაკავებულია სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების მიერ და გრძელდება რამდენიმე კილომეტრიან მონაკვეთზე.
5-6-7, ხანდახან 10-კილომეტრიანი საცობი ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის- ერთი მხრივ, საგზაო უსაფრთხოების პრობლემას, რადგან ავარიული სიტუაციები იქმნება. რომ იმოძრაო, საპირისპირო მხარეს უნდა გადახვიდე. გარდა საგზაო მდგომარეობისა, ეკოლოგიაც საფრთხეშია, ერთ ადგილზე კონცენტრირდება გამონაბოლქვი, ამას თან ერთვის მიმდებარე ტერიტორიების დანაგვიანება,- განაცხადა მესხიშვილმა.
ასოციაციის ხემძღვანელი პრაიმტაიმთან საუბრისას განმარტავს, რომ შექმნილი საგანგაშო სიტუაცია საფრთხეს უქმნის გუდაურისკენ მიმავალ ტურისტულ ნაკადს. მისი თქმით,თუ საქართველო უნდა იყოს სატრანსპორტო ხაზი რეგიონში და ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმია - მსგავსი პრობლემები დღესდღეობით არ უნდა არსებობდეს.
ჩვენი ინფორმაციით, გუდაურის მიმართულებით ძალიან ბევრი ტურისტი უარს ამბობს გადაადგილებაზე. ასევე უარს ამბობენ უქმე დღეების გატარებაზე, რადგან 2-3 დღიანი ტური არ გამოსდით. გზაში უამრავი დრო ეკარგებათ. სრულიად საგანგაშო და სამარცხვინოა. ეს ყველაფერი კი სახელმწიფო სტრუქტურების უუნარობასა და უმოქმედობას უსვამს ხაზს.
ეს საკითხი რამდენიმე სამინისტროს მოსაგვარებელია: მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ქვეყანაში განაგებს ტრანსპორტის პოლიტიკას, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც ეხება ტვირთების ბრუნვისა და განბაჟების საკითხ ეხება, ჩართული უნდა იყოს რკინიგზა, ტურიზმის დეპარტამენტი,- განაცხადა დავით მესხიშვილმა.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხს სიღრმისეულად სწავლობენ და სურთ დაადგინონ, მსგავსი ვითარება რამ შექმნა.