თვითმფრინავების მწარმოებელი კორპორაცია „ბოინგის“ მისამართით, კერძოდ კი მისი სანდოობის შესახებ, უამრავი კითხვა გაჩნდა.
ამის მიზეზი, 1 დღის წინ, ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფაა, რომელსაც 157 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავი, „ბოინგი 737 MAX 8“ მოდელი იყო.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ეთიოპიის ავიახაზების ხელმძღვანელობა აცხადებს: „ამ ეტაპზე არცერთ ვერსიას არ გამოვრიცხავთ“.
„ბოინგის“ კორპორაციის მიერ წარმოებული იგივე მოდელის თვითმფრინავი ჩამოვარდა ინდონეზიაში 2018 წლის ოქტომბერში. ავიაკატასტროფის დროს, ბორტზე 189 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ცოცხალი ვერავინ იპოვეს. ამ ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზებიც უცნობია.
იმ გარემოების ფონზე, რომ ბოლო 5 თვეში, ბოინგი 737-ის ტიპის ორმა თვითმფრინავმა განიცადა ავიაკატასტროფა და ჯამში სავარაუდოდ 346 ადამიანია დაღუპული, ჩინეთმა და ეთიოპიის ავიახაზებმა ამ მოდელის თვითმფრინავების მუშაობა შეაჩერეს.
ექსპერტები იმასაც განმარტავენ, რომ ორივე ავიაკატასტროფის შემთხვევაში, ახალ თვითმფრინავებზეა საუბარი.
ინდონეზიაში მომხარი ინციდენტის დროს, ბოინგ 737-ს რომელმაც კატასტროფა განიცადა, 3 თვის დაწყებული ჰქონდა რეისები. ეთიოპიის ავიახაზების შემთხვევაში კი, ბოინგი 737 Max 8-ს კომერციული გამოყენება 2017 წლიდან დაიწყეს. ამ თვითმფრინავმა დეტალური შემოწმება 4 თებერვალს გაიარა.
ორივე ინციდენტის შემთხვევაში, ბოინგი 737 MAX 8 მოდელის, სრულიად ახალი თვითნფრინავები, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
ავიაციის კვლევითი ცენტრის FlightGlobal-ის განცხადებით, სპეკულაციებისგან თავის შეკავება ჯობს, თუმცა:
„სრულიად ახალი თვითმფრინავის მოდელით, 2 ავიაკატასტროფა, უპრეცედენტო მოვლენაა. ეს ცხადია შეცვლის 737MAX-ის მოდელების მიმართ დამოკიდებულებას,“- თქვა კომპანიის მენეჯერმა გრეგ უოლდრონმა.
ორი ავიაკატასტროფის ფონზე, კორპორაცია „ბოინგი“-ს რეპუტაციას საფრთხე ემუქრება. თავად კომპანიამ მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და ეთიოპიაში, ადგილობრივი ექსპერტების დასახმარებლად, ტექნიკური ჯგუფი გაგზავნა.
ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავი, ადის აბაბადან აფრენიდან 6 წუთში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის დროს, ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.
მგზავრებს შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის: 32 კენიიდან, 18 კანადიდან, 8 შტატებიდან და 7 ბრიტანეთიდან.
კორპორაცია „ბოინგის“ წარმოებული თვითმფრინავების უსაფრთხოების შესახებ მოკვლევა ჯერ ოფიციალურად არ დაწყებულა.