საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 1746 კვ. მ. ფართი გადასცა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი დუგლაძემ გამართეს.
შენობა, რომელიც ცხინვალის თეატრს გადაეცა, პეტრიაშვილის #7-ში მდებარეობს. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს და ტურისტულად აქტიური უბანია.
ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და იმედი გამოთქვა, რომ თეატრი პირველ წარმოდგენას ახალ შენობაში მომავალ წელს გამართავს.
როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, უახლოეს მომავალში მომზადდება საპროექტო დოკუმენტი, რომლითაც მოხდება სივრცის რეკონსტრუქცია, რათა ცხინვალის თეატრმა სრულფასოვანი ფუნქციონირება შეძლოს.
ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, 142 წლისაა.