„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც კომპანია „იკონია კაპიტალის“ წარმომადგენელი სეტედვარტ ბლეი ჩარი მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა.
მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლის განცხადებას ბლეფს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ისეთივე ტყუილია, როგორი ლეგენდაცაა ამ ადამიანის ბიზნესმენობა.
„გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც კომპანია „იკონია კაპიტალის“ წარმომადგენელი, სეტ ედვარტი თითქოსდა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს ისეთივე ტყუილი და ბლეფია, როგორიც ლეგენდა ამ ადამიანის ბიზნესმენობის შესახებ. მე ვარ არჩეული მაჟორიტარი. ვიცავ მოსახლეობისა და ჩვენი ქალაქის ინტერესებს და ამას ვაკეთებ მხოლოდ სამართლებრივი გზებით. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც რეალურად ამ საქმის უკან დგანან. ეს გახლავთ გიორგი რურუა და მისი ბიზნესპარტნიორები. გიორგი (ჟორიკა) რურუა საჯაროდ აკეთებს შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ განცხადებებს ჩემს წინააღმდეგ და იქ მცხოვრები ადამიანების მისამართით.
90-იანი წლების კრიმინალები და სააკაშვილის ზონდერები კვლავ აგრძელებენ ძალადობას ადამიანებზე და ძალადობას ამ ქალაქზე. მათ სურთ, იპოდრომზე 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც ქალაქ მშენებლობითა და ქალაქ გეგმარებით ყველა ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება. კორუფცია და კანონის გვერდის ავლა მათი სტილია. სავარაუდოდ, სამშენებლო ნებართვა, რომელიც სასამართლოს ორმა ინსტანციამ შეაჩერა, სწორედ ამ გზით მოიპოვეს.
მოვუწოდებთ, ამ ჯგუფს, ნუ ატყუებენ საზოგადოებას და თავი დაანებონ ადგილობრივ მცხოვრებლებზე ზეწოლას. მე ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავ ჩემი ამომრჩევლისა და ჩვენი ქალაქის ინტერესებს“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.