ეკა ბესელია უვადოდ დანიშნული ორი მოსამართლის, გვრიტიშვილისა და მეთოფიშვილის დასჯას და მათ მიერ სასამართლოს დატოვებას ითხოვს.
„ამ ადამიანზე ვთქვი, რომ მის არასერიოზულ და კომიკურ კომენტარებზე არ გავაკეთებ განცხადებას. არის დისციპლინური წესით დასაწყები პროცედურები, საჩივარი არის გაგზავნილი ამ მოსამართლედ წოდებულის და ასევე, უვადოდ დანიშნული გვრიტიშვილის წინააღმდეგ. ეს მოსამართლეები არ იმსახურებენ მოსამართლის მანტიებს. უნდა დაიწყოს დისციპლინური დევნა და დატოვონ სასამართლო სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ არიან უვადოდ დანიშნულები და გონით რომ ღმერთს ეტოლებიან. იქამდე გავაგრძელებ ბრძოლას, ვიდრე ასეთი უღირსი ადამიანები არ დატოვებენ მართლმსაჯულების სისტემას“ - აცხადებს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ მოსამართლეების ხმაურიანი საქმის გამო უმრავლესობის რიგები დატოვა. ის სასამართლოდან გათავისუფლებას და დისციპლინარული დევნის დაწყებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ დანიშნულ ორ მოსამართლეზე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, სერგო მეთოფიშვილსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, დიმიტრი გვრიტიშვილზე ითხოვს.