საია - სკოლებში ინსპექტირება, სავარაუდოდ საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების გამო ხდებოდა

15:44 03-11-2019
69

სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს, სავარაუდოდ, საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით იყენებდნენ, - ამის შესახებ,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 2018 წელს, საარჩევნო პერიოდში, საჯარო სკოლებში ჩატარებულ ინსპექტირებას უკავშირდება.

„ამ ეტაპზე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ახალი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2018 წელს საჯარო სკოლებში ჩატარებულ ინსპექტირებას უკავშირდება და აჩენს საფუძვლიან ეჭვს ინსპექტირების მექანიზმის საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით გამოყენების თაობაზე. კერძოდ, საიას ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება. მნიშვნელოვანია, რომ ინსპექტირების 7 შემთხვევიდან 6, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ჩატარდა, რაც 2018 წელს ჩატარებული მთელი ინსპექტირების 85%-ზე მეტს შეადგენს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მეორე ტურის წინ ჩატარებული 6 ინსპექტირების დაწყების წინაპირობა, იმავე წლის ნოემბერში წარდგენილი განცხადებებია, რომელთაგან 3-ზე (მათ შორის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით) მინისტრმა იმავე დღეს მიიღო 9-15 ნოემბრის პერიოდში ინსპექტირების განხორციელების გადაწყვეტილება.

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ ჩადენილ შესაძლო გადაცდომებთან (დარღვევებთან) დაკავშირებით განცხადება სამინისტროში დარეგისტრირდა 2018 წლის 8 ნოემბერს, 13:34 საათზე. აღნიშნულის შემდეგ, განცხადება: 13:36 საათზე დაეწერა მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს; 13:38 საათზე ინსპექტირების სამსახურს; 13:42 საათზე შიდა აუდიტის დეპარტამენტს/ანალიტიკოსს; 13:42 საათზე ინსპექტირების სამსახურის პირველი კატეგორიის სპეციალისტს; განცხადების საფუძველზე მომზადებული მოხსენებითი ბარათი სისტემაში აიტვირთა ამავე დღის 14:35 საათზე, რომელიც განათლების მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილს დაეწერა 14:42 საათზე. ინსპექტირების ჩატარების შესახებ მინისტრის ბრძანება გამოიცა იმავე დღის 18:00 საათზე. ზემოაღნიშნულის გარდა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ საიას მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება სამინისტროში შესულ განცხადებებზე ინსპექტირების სამსახურის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოძიების პრაქტიკა. კერძოდ, მთელ რიგ შემთხვევებში (წინანდლის საჯარო სკოლა, თელავის #4 საჯარო სკოლა) განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის მიერ სხვადასხვა სკოლის დირექტორთა მხრიდან ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით შესულ განცხადებებზე რეაგირებისას, სამინისტრო განმცხადებლისგან ითხოვს კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაციის (დარღვევის ფაქტი, დამრღვევი პირი, დარღვევის პერიოდი და შესაძლო მტკიცებულებები) მიწოდებას. რაც შეეხება ზუგდიდის მე-6 სკოლას, ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებულ განცხადებაში დარღვევების შესახებ მხოლოდ ზოგად ეჭვებზე იყო მითითება და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტზე ან დარღვევის ჩადენის დროზე და არ იკვეთებოდა ინსპექტირების ჩატარების რაიმე საჭიროება.

ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებული განცხადების განათლების სამინისტროს 5 მოხელის მიერ 8 წუთში განხილვა აჩენს ეჭვს, რომ წერილის შესწავლა არ მომხდარა სათანადოდ და მისი უმოკლეს ვადაში „განხილვა“ შესაძლოა წარმოადგენდა მიზანმიმართულ, წინასწარ დაგეგმილ ფორმალურ პროცესს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე (28 ნოემბრამდე) ინსპექტირების განხორციელება, სავარაუდოდ მიზნად ისახავდა სკოლის დირექტორზე (ირიბად სხვა სკოლის დირექტორებზე) პოლიტიკური ზეწოლის შესაძლო მოხდენას, რაც არაერთ არჩევნებზე იყო გამოკვეთილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საია მოუწოდებს: საქართველოს გენერალურ პროკურატურას - ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს განათლების სამინისტროში ინსპექტირების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების ფაქტი“, - განაცხადა სულხან სალაძემ.