გია ვოლსკი - საია თანამედროვე ტრენდს ჩამორჩა

16:01 03-11-2019
33

საია თანამედროვე ტრენდს ჩამორჩა. რეალური სიტუაცია ქვეყანაში უფრო განსხვავებულია,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის'' კვლევას, რომელიც 2018 წელს, საარჩევნო პერიოდში, საჯარო სკოლებში ჩატარებულ ინსპექტირებას უკავშირდება.

,,საია ჩამორჩა თანამედროვე ტრენდს, რადგან რეალური სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც იყო. ადამიანის დამოკიდებულება საარჩევნო ბიულეტენთან ინდივიდუალური და დაცულია. იმის მტკიცება, ადამიანმა, რომელსაც ვაშაძე უნდოდა აერჩია, უცებ გადაწყვიტა სალომე ზურაბიშვილის არჩევა, არის ჰაერიდან მოტანილი, - აღნიშნავს გია ვოლსკი.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად  სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. ოპოზიცია გარდაცვალებას ინსპექტირებასა და ია კერზაიაზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.