სამეფო კარის თამაშები ქართულად - „90-იანი წლებში ყველა ბაგრატიონი ერთად ვიყავით და არავის პირველობაზე პრეტენზია არ ჰქონია“

17:01 03-11-2019
541

მამა-შვილი ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ სასამართლოში ქართული სამეფო სახლის მემკვიდრეობისთვის დავას იწყებს. მოსარჩელე მხარე ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობაში სდებს ბრალს. მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კი სიმბოლურ თანხას ერთი ლარის გადახდას ითხოვს.

თავის მხრივ კი, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილი ცოლის ოჯახის წევრებისგან დნმ-ის ანალიზის აღებას ითხოვს.

„დავის მიზანი არის, რომ გრუზინსკების სახლმა რაიმე ფორმით, სახელმწიფოსგან რაიმე ფორმით მიიღოს აღიარება,რომ ისინი არიან საქართველოს სამეფოს სახლი და საქართველოს მეფეთა შთამომავლები. ისინი ამას ვერ ადასტურებენ დოკუმენტურად, რამეთუ მათ არ აქვთ გენეალოგია წესრიგში. ბატონი ნუგზარი ჯიუტად თავს არიდებს DNM ანალიზის აღებას, რაც კვლავ ამძაფრებს ეჭვს,რომ ჩვენ რეალურად გვაქვს საქმე გამყალბებლებთან,პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ადამიანებთან რომლებიც ითვისებენ სხვის გენიალოგიას, სხვის გვარსა და ღირსებას,“-აცხადებს დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატი ლევან ჩხეიძე.

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მსოფლიო მასშტაბით ხვდებიან სამეფო წარმომადგენლებს, პრინცებს, ესწრებიან მეჯლისებს. სურათს კი კომიკურს ის გარემოება სძენს, რომ ორივე მათგანი წარმოდგენილია, როგორც საქართველოს სამეფო სახლის ერთადერთ მმართველად. ეს არის დავის საგანიც და მთავარი მიზეზიც. 

სამეფო კარის ამბავი როგორ ხმაურიანადაც დაიწყო, ისე ხმაურიანად გრძელდება. 2009 წლის 8 თებერვალს, პატრიარქის ინიციატივით, ბაგრატიონებმა ჯვარი პომპეზურად, მეფურად დაიწერეს - ხმლები, მრავალჟამიერი, შლეიფების შრიალი, ხელისმომკიდეები, ნაზირ-ვეზირი, ჟივილ-ხივილი და საზეიმო ბუკი და ნაღარა. ქორწინება, რომლის ფუნქციაც ორი შტოს გაერთიანება იყო, დანგრევისთვის თავიდანვე განწირული გახლდათ, რადგან არასახარბიელო პრეისტორიის გარდა ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ყველაზე მთავარი სკანდალი, რაც ქორწინებას წინ უძღოდა, ამ ქორწინებისთვის დანგრეული ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სასწრაფოდ ჩაშლილი რომანი გახლდათ. „მეფის საყვარელი მსახიობი“ შორენა ბეგაშვილის ფოტოზე ეწერა და ეს გაზეთ „პრაიმტაიმის“ პირველი ნომრის ექსკლუზივი გახლდათ. დავითთან დაშორებით შორენას დეპრესია დამართეს, ანას ყოფილი ქმარი მონასტერში გაიხიზნა. ანას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

ბაგრატიონების გარშემო დატრიალებული სამეფო კარის ამბები ფილმის სიუჟეტს ჰგავდა. მალე სამეფო ოჯახს ვაჟი, გიორგი გაუჩნდა. 2011 წლის 27 სექტემბერს დაბადებულ უფლისწულს გვარი დედამაც მისცა და მამამაც. სამეფო ოჯახი ესპანეთში ცხოვრობდა. ქორწინებას მონარქიული იდეის პრესტიჟი უნდა აემაღლებინა. თუმცა გიორგის გაჩენამ არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი შვილიშვილის უფლებებს (თუ მონარქია აღდგება) არ აღიარებს, რადგან სიძემ – დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა არარსებულ სამეფო ტახტზე სიმამრის უპირატესობა არ სცნო. ანა და დავითი ორჯერ გაიყარნენ. ამჟამად ქორწინებაში არ იმყოფებიან.

სამეფო კლუბის სპიკერი, გაიოზ მამალაძე მიიჩნევს, რომ გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონი ბაბუაზე წინაც არის და თავის მამაზეც. „ეს ბავშვი ერთმნიშვნელოვნად უკვე არის აღმოსავლეთ საქართველოს ტახტის მემკვიდრე. ძალიან საინტერესოა, რომ გვარად ჩაუწერეს ბაგრატიონ-ბაგრატიონი, იმიტომ რომ ბაგრატიონ-გრუზინსკი, ბაგრატიონ-იმერეტინსკი, ბაგრატიონ-მუხრანსკი, – არის რუსეთის მიერ დაპყრობილი, დაქვემდებარებული გვარების ტიტულები. ბაგრატიონ-გრუზინსკი ნიშნავს საქართველოს (აღმოსავლეთ) მთავარს (იმერეტინსკი დასავლეთისას), მაგრამ ის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბაგრატიონ-ბაგრატიონი. 

დღეის მონაცემებით, შეიქმნა ახალი შტო, გაჩნდა რაღაც ახალი რეალობა”

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, საკუთარი კანცელარიის მიერ გავრცელებულ წერილში განმარტავს, რომ ორი შტოს შერიგებასთან დაკავშირებით, აქამდე საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა ჰქონდა. მისი კანცელარია აცხადებს, რომ ბატონიშვილ ნუგზარს არასდროს უცვნია თანასწორად მუხრანელები და ამ უპირატესობას, როგორც თავად ამბობს, ხელის სათხოვნელად მისული დავით მუხრანელიც აღიარებდა. კახელი ბაგრატიონების წარმომადგენლის ნუგზარ გრუზინსკის „უპირატესობა თანასწორთა შორის” საქართველოში მცხოვრებმა ყველა ბაგრატიონმა 2006 წელს სპეციალური მემორანდუმით აღიარა. ბატონიშვილის კანცელარია აცხადებს, რომ პატრიარქთან შეხვედრის დროს, ნუგზარ გრუზინსკიმ სასიძოს თანდასწრებით მოითხოვა, დინასტიურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ქორწილამდე გაფორმებულიყო საქორწინო ხელშეკრულება ან ჯვრისწერის ცერემონიალში დაცული ყოფილიყო ტახტის მემკვიდრის, ბატონიშვილი ანას უპირატესობა მისი მომავალი მეუღლის მიმართ. დოკუმენტში უნდა აღნიშნულიყო დასაქორწინებელთა სტატუსები, შესაბამისად, ამ ქორწინებიდან შობილი შვილიც სამეფო სტატუსს დედის მხრიდან მიიღებდა. 

ბაგრატიონებს შორის დაპირისპირება 1466 წლიდან იღებს სათავეს, როცა მეფე გიორგი მერვემ თავისი ნებით უარი თქვა ერთიანი ქვეყნის მეფობაზე და კახეთის პირველი მონარქი გახდა. ქართლში მისი შვილი კონსტანტინე ავიდა ტახტზე, იმერეთში კი მათი ბიძაშვილი – ბაგრატი. 

დღეს სამეფო გვარზე პრეტენზიას ბაგრატიონთა სამი შტო აცხადებს. მე-18 საუკუნეში ქართლ-კახეთში გამეფებულ კახელ ბაგრატიონთა შთამომავლები თავს ბაგრატიონ-გრუზინსკებს უწოდებენ. ბაგრატიონ-მუხრანსკებად რუსეთში გაქცეული ქართლის მეფის, ვახტანგ მეექვსის შთამომავლები იწოდებიან, ხოლო იმერული სამეფო ტახტის მემკვიდრეობაზე პრეტენზია თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში მცხოვრებ ბაგრატიონებს აქვთ. ღვანკითელი ირაკლი ბაგრატიონის ინტერვიუც „პრაიმტაიმის“ ექსკლუზივი გახლდათ. იმერელი ბაგრატიონი 4 წელი თაბორის მონასტერში ცხოვრობდა. ირაკლი მიიჩნევს, რომ „ოჯახი იქმნება სიყვარულით და თუ სიყვარულია, იქ ვიღაც არ არის უფროსი. თუ მეუღლე მეგობარი არ არის და საკუთარ ტკივილს არ გაგიზიარებს, ან შენ არ გაუზიარებ, მაშინ ეს სიცრუის დიდი ბუდეა, რომელიც საბოლოოდ ინგრევა“. აქედან დასკვნა, რომ სამეფო შტოების გაერთიანების მიზნით შექმნილი ოჯახი სიცრუის ბუდე იყო. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნუგზარ გრუზინსკიმ დაიწყო ბრძოლა საკუთარი სტატუსის დაკანონებისათვის. მან თხოვნით მიმართა მონარქიულ საზოგადოებებსა და მუხრანელთა ოჯახს, გაესწორებინათ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში დაშვებული შეცდომა და სწორედ მისი გვარი ეღიარებინათ უპირატესად. 

დავით ბაგრატიონ მუხრანელს ჰყავს უფროსი ძმა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელმაც საქართველოს ტახტზე ძმის სასარგებლოდ განაცხადა უარი. ასევე უფროსი და მარია ანტუანეტა ბაგრატიონ მუხრანელი და უმცროსი ნახევარ ძმა უგო, იგივე გურამ ბაგრატიონი. უგო ხშირად სტუმრობს საქართველოს. ის გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟია, მეორე ქორწინებიდან. კიდევ ერთი ქართველი პრინცი გახლავთ ხუან ბაგრატიონი. უგოსა და დავითის მსგავსად ხუანიც ესპანეთშია გაზრდილი. ნათესაური კავშირი აქვს ესპანეთის მეფესთან. დაქორწინებულია ქართველ მოდელზე - ქრისტინე ძიძიგურზე.

„პრაიმტაიმი“ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ბიძაშვილს, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილ ირაკლი ბაგრატიონს დაუკავშირდა. 

ირაკლი ბაგრატიონი: - ის, რაც ახლა ხდება, ხელოვნურად წამოჭრილი პრობლემაა და სასამართლოში განსახილველი ნამდვილად არ არის. გრუზინსკები ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის შთამომავლები არიან. ერეკლე მეორე კი გაერთიანებული საქართველოს მეფე არასდროს ყოფილა. გრუზინსკის ადვოკატი სისულელეებს ამბობს, რომ თითქოს მუხრანელებს არანაირი კავშირი არ გვაქვს სამეფოსთან და ერეკლე მეორესთან. დავითის ერთ-ერთი ბებია ერეკლე მეორის შვილია. თუ დედის უფლებები გადადის უფლისწულზე, იგივე უფლებები უნდა გადადიოდეს მამისგან, დავითისგანაც, რადგანაც ისიც ერეკლის შთამომავალია. მეტიც უფროსი შტო მუხრანელებისაა. 

- რას ემსახურება ამ დავის ხელახლა წამოჭრა?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. 

- და თქვენი აზრით, სხვა მონარქების თვალში როგორ ჩანს ეს სურათი - როდესაც შეხვედრებზე ნუგზარი და მისი ყოფილი სიძე, დავითი ცალკ-ცალკე დადიან და აცხადებენ, რომ არა მე ვარ საქართველოს სამეფო გვარის ერთადერთი წარმომადგენელი და არა მეო? 

- ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, რა თქმა უნდა. მე მახსოვს, 90-იანი წლები, ყველა ბაგრატიონი ერთად ვიყავით და არავის პირველობაზე პრეტენზია არ ჰქონია. ვმეგობრობდით, ერთმანეთს ვხვდებოდით... რატომ და როდის შეიცვალა ეს დამოკიდებულებები და რამ გააფუჭა ურთიერთობები, არ ვიცი. ახლა რა კონფლიქტიც არსებობს, სწორედ მისი თავიდან აცილების მიზნით შედგა 2009 წელს ანას და დავითის ქორწინება, ორი შტოს გაერთიანების იდეით, თუმცა, როგორც ჩანს ამაოდ.

 

თამარ გონგაძე