„მოდით და დამაპატიმრეთ“ - ემიგრანტები ხელისუფლებას მიმართავენ

17:35 03-11-2019
3240

საქართველოს მთავრობავ, მოდი და დამაპატიმრე“. ამ სიტყვებით ემიგრანტები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი ცქიტიშვილს მიმართავენ.

დარეჯან მაისურაძე ათენიდან: „უამრავ ქართველს დავხვმარებივარ დარჩენაშიც, დასაქმებაშიც და მატერიალურადაც. ჩვენ გეზედმეტეთ ჩვენს სამშობლოში, გამოგვიშვით აქ, ვიღაცის მიწაზე და ვიღაცის მომვლელად და ახლა, აქაც არ გვანებებთ თავს? სრული ერთი წელი სირიელი დედა-შვილი ცხოვრობდა ჩემთან უსასყიდლოდ და ქართველის მხარდაჭერას მიშლით? თუ ეს დანაშაულია, მოდით და დამიჭირეთ, მზად ვარ. ჩათვალეთ, ეს აღიარებითი ჩვენებაა“ -პრაიმტაიმთან საუბარში განაცხადა ემიმგრანტმა.  

ნანა გოგიჩაიშვილი: „ემიგანტებისგან ძალიან ცუდად დაუბრუნდება მთვარობას ამ კანონის მიღება. ერთი დღე არა არის  ჩვენთვის უცრემლოდ. იმისთვის გვაპატიმრებთ, რომ ჩვენს მხრებზე დგას საქართველო? აქ დალხენილი არავინ არ მოდის. ბანკის ვალებით, უსახლკაროები, სასოწარკვეთილი ადამიანები მოდიან მოსამსახურეებიდან. ჩვენ დამხმარეები ვართ და არა კრიმინალები. ყველაფრის მიუხედავად მაინც დავეხმარები ქართველებს და მაინც დავბრუნდებით სახლებში და არა, საკნებში“ - ამბობს ემიგრანტი ქალბატონი იტალიიდან.

ანა რაზმაძე: „ბედის ირონიით მილანში ვმუშაობ სოციალურად დაუცველ ემიგრანტთა ფონდში, სადაც გაწევრიანებულები არიან ცხრა სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრანტები. იტალიის მთავრობას მათმა სახელმწიფოებმა სთხოვეს, დახმარების ხელი გამოეწოდათ და მატერიალურად დახმარებოდნენ. ჩვენ კი, მთავრობა პატიმრობით გვემუქრება. არ გეშინიათ, მიიღებთ ამ კანონს? მიიღებთ ღირსეულ პასუხს ემიგრანტებისგან. არცერთ ჩემს თანამოქალაქეს არ დავტოვებ დახმარების გარეშე, როგორი მძიმე სასჯელიც არ უნდა მელოდოს მე, ჩემს ქვეყანაში მთავრობისაგან“ - განაცადა ემიგრანტმა ქალმა იტალიიდან.

რუსუდან ჰამილტონი: „წარმოდგენა არ აქვს მთავრობას, როგორმა მძიმე პირობებმა ჩამოიყვანა ქართველები საზღვარგარეთ. ისინი თავიანთი ოჯახების ფიზიკური გადარჩენისთვის არიან წასულები მთავრობის უუნარობის გამო. ჩვენ ვერანაირი კანონი ვერ შეგვაშნებს და ვერ გვათქმევინებს უარს, ქართველების დახმარებაზე. ეს იქნება კანონი მორალის წინააღმდეგ. მთავრობა ცდილობს განხეთქილება შეიტანოს ქართველებს შორის. მე პირადად, ყოველთვის დავეხმარები ჩემს ქართველს მიუხედავად, მძიმე სასჯელის რისკისა“ - მიმართავს ქართველი ემიგრანტი შოტლანდიიდან საქართველოს მთავრობას.

შეგახსენებთ, ემიგრანტების მწვავე განცხადება ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქის დახმარება უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით, დასჯადი ხდება. ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობაა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პარლამენტში, უკვე წარდგენილია. მსგავსი ქმედებისთვის სასჯელი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს ამ დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით. ამ შემთხვევაში დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობით დაისჯება.

 ავტორი: თამარ ბუჩუკური