საგანგაშოდ გაძვირებული ფასები, სამომხმარებლო კალათა - მითი თუ რეალობა?!

18:24 03-11-2019
1131

„პრაიმტაიმი“ ახალ რუბრიკას იწყებს. „სოციალური კონტროლი“ ყველა იმ სოციალურ თემას მოიცავს, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს. მითებად ჩამოწერილ განუხორციელებელ  პროექტებს, რეგულაციებს, ფასადურ კანონებს ჩვენ სხვა კუთხით დაგანახებთ. რუბრიკის პირველი თემა საარსებო მინიმუმი, სამომხმარებლო კალათა და მარტოხელა პენსიონერების უმძიმესი ყოფაა. 

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს განახლებული სამომხმარებლო კალათა გაიზარდა. შთამბეჭდავი ნუსხა მოსახლეობას 306 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. საარსებო მინიმუმი ერთსულიან ოჯახზე  მხოლოდ 158.2 ლარით განისაზღვრა. რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ნივთი ან მომსახურება 0.65 ლარი უნდა ღირდეს?! ასაკობრივი პენსიის ოდენობა კი, 200 ლარია.

რამდენად შესაძლებელია თვის განმავლობაში მარტოხელა პენსიონერმა შეძლოს, სრულფასოვანად ცხოვრება? ამის გასარკვევად  „პრაიმტაიმმა“ სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა. დასაწყისისთვის გეტყვით, რომ სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში მომატებული ფასები დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. 

პენსიონერმა, რომლის შემოსავალი მხოლოდ 200 ლარია, ყველაზე იაფფასიანი პროდუქტებისა და მედიკამენტების შეძენის შემთვევაში, თვის განმავლობაში 115.3 ლარის პროდუქტები უნდა იყიდოს. პირველადი მოხმარების მედიკამენტებისთვის 28.89 ლარი უნდა გადაინახოს. მინიმალური ჰიგიენური  ნორმების დასაცავად, კი,  13.3 ლარი. კომუნალური გადასახადები ზამთრის თვეებში 100 ლარამდე ჯდება, ზაფხულში 60 ლარამდე. 

„პრაიმტაიმის“ ექსპერიმენტის ფარგლებში სასურსათო კალათა ასე გამოიყურება: საქონლის ხორცი ერთი კგ.- 19 ლარი, ქათმის ხორცი - 8 ლარი, თევზი ერთი კგ - 9 ლარი, კვერცხი ათი ცალი - 3 ლარი, თვის სამყოფი პური 15 ცალი - 12 ლარი, ორცხობილა ერთი კგ - 4 ლარი, ყველი ერთი კგ.  – 9 ლარი, ხაჭო ერთი კგ.  - 7 ლარი, სპრედი 200 გრ.  - 3 ლარი, ზეთი ერთი ლიტრი - 3 ლარი, მაწონი ორი ქილა - 2.4 ლარი,  კარტოფილი სამი კილოგრამი - 3 ლარი, ხახვი ერთი კგ.  – 1.2 ლარი, კომბოსტო ერთი თავი - 2 ლარი, ჭარხალი ერთი კგ. 2 ლარი, მწვანილი თვის განმავლობაში - 5 ლარი, მაკარონი ერთი კგ - 2 ლარი, ვერმიშელი ერთი კგ. – 2 ლარი, წიწიბურა ერთი კგ - 3 ლარი. შაქარი ერთი კგ - 1.2 ლარი, ჩაი ერთი ყუთი -  3 ლარი, ვაშლი ერთი კგ - 1.5 ლარი, ფორთოხალი ერთი კგ - 3 ლარი, ლიმონი 10 ცალი - 7 ლარი. 

ჰიგიენური საშუალებებიდან ერთი საპონი 0.90 ლარი, სარეცხი ფხვნილი -  3 ლარი, შამპუნი  - 3 ლარი, ჭურჭლის სარეცხი სითხე  - 1.5 ლარი, დეზინფექციის საშუალება - 2.5 ლარი, ტუალეტის ქაღალდი სამი ცალი - 1.2 ლარი, ხელსახოცი - 1.2 ლარი დაუჯდება მომხმარებელს.  

გადაუდებელი, იაფფასიანი და აუცილებელი მედიკამენტების ნუსხა, რომელიც ერთ თვეზეა გაანგარიშებული ასე გამოიყურება: ციტრამონი - 0.72 ლარი, ვალიდოლი - 1.32 ლარი, კორსიზი - 5.1 ლარი, რაუნატინი - 0.54 ლარი, რაუნატინი, კლოფელინი და ნოშპა  - 15.96 ლარი, კარდიომაგნილი - 6.25 ლარი.

რა განსხვავებაა ოფიციალურ მონაცემებსა და რეალურ ცხოვრებას შორის? ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ ერთ-ერთ მარტოხელა პენსიონერს მიმართა:

მარინა იაშვილი:  - პენსიის აღებისთანავე ჯერ კომუნალურ გადასახადებს ვიხდი, მერე წამლებს ვყიდულობ. ბოლოს რაც მრჩება საჭმლისთვის ვინახავ. გადასახადებში ზამთრის თვეებში 100 ლარამდე მჭირდება. გათბობაში 60 ლარს ვიხდი, ელექტრო ენერგიაში 25 ლარს, ტელეფონის სააბონენტო გადასახადი 10 ლარია, წყლის გადასახადი 3.89 ლარი, დასუფთავების - 2.50 ლარი. წამლებიც 40 ლარი მიჯდება. თვიდან თვემდე არ მყოფნის პენსია. 

- როგორ ანაწილებთ პენსიას ყველაფერში?

- მაღაზიებში ვალზე ვიღებთ. ყოველ 15 რიცხვში ვისტუმრებთ და თვის ბოლოდან ისევ ვიღებთ. ასეთია ჩვენი ცხოვრება, შიმშილს ვერ ვუძლებთ, არც ვკვდებით და არც ვჭირდებით ვინმეს... 

როგორც აღმოჩნდა, ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლა მარტოხელა მოხუცს 258 ლარი უჯდება მაშინ, როცა პენსია სულ 200 ლარია. ეს იმ საუკეთესო შემთვევაში, თუ მოხუცს არც მწვავე დაავადება ტანჯავს და არც ქრონიკული, თუ არც გადაადგილებისთვის გზის ხარჯი ჭირდება და არც თავის მოვლის საშუალებები.ან, უარს იტყვის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაზეც. მათთვის მეორადი ტანსაცმლის ყიდვაც კი ფუფუნებაა. თუ ამ ყველაფერს უხეშად ისევ დავთვლით მაშინ გამოდის, რომ პენსია მინიმუმ სამჯერ უნდა გაიზარდოს. საქსტატის სამომხმარებლო კალათში მოთავსებული 306 სახეობა კი არსებულ პენსიის ოდენობაზე რომ გავყოთ, გამოდის რომ  პროდუქტი, მომსახურება, გადასახადი, ნივთი, ტანსაცმელი და ეს ყველაფერი თითოეულად, 0.65 ლარი უნდა ღირდეს. როგორც ირკვევა, გვაქვს ისეთი სამომხმარებლო კალათი, რომლსაც უმარვლესობა ვერ მოიხმარს. რეალური  საარსებო მინიმუმი, კი  მხოლოდ 30 დღიდან ათი დღეა საკმარისი... 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური