თამარ ივერი - ჩემი ოჯახის წევრი გადაასახლეს

19:02 03-11-2019
308

ალბათ, ცოტამ თუ იცის რატომ ატარებს ფსევდონიმად  „ივერს “ მსოფლიოში ცნობილი ოპერის მომღერალი, თამარ ჯავახიშვილი. 

სანამ დიდი ტერორის დროს, 1937 წელს, თამარ ივერის ბაბუას, ივანე ჯავახიშვილს ყაზახეთში გადაასახლებდნენ, მანამდე  მომღერლის  ჟურნალისტი ბაბუა აცოცხლებდა უამრავ მივიწყებულ და უცნობ ისტორიებს. წერდა სხვადასხვა გაზეთებში, აცოცხლებდა ისტორიებს  საზოგადოებისათვის საინტერესო ადამიანების შესახებ, იკვლევდა სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ისტორიებსა და ინტერესდებოდა გასაბჭოებულ საქართველოში მოქმედ ფაბრიკა-ქარხნებში არსებული ვითარებით.

თუმცა, არასოდროს დავიწყებია, რომ დიდი ივანე ერთადერთი იყო და ამიტომ, მისი სტატიები საბჭოთა გაზეთებში  ფსევდონიმით-  ივანე თბილელით ქვეყნდებოდა.  მან გადასახლება ყაზახეთში გამოიარა, ცოლსა და ორ ვაჟიშვილთან ერთად. მისი უმცროსი შვილის, ავთანდილის ქალიშვილია თამარ ივერი. ჯავახიშვილების ოჯახის ისტორიაზე, სწორედ ოპერის ვარსკვლავი უამბობს მკითხველს.  

თამარ ივერი: „ბაბუას ძალიან იტაცებდა ადამიანურ ისტორიებზე წერა. თუმცა, ასევე წერდა, ორგანიზაციებზე, ეკლესიებზე და სხვადასხვა თემებზე. ეს არ იყო ადამიანი, რომელიც პოლიტიკაზე, ან რაიმე ინტრიგნობაზე დაწერდა. უამრავი უცნობი მასალა ჰქონდა აკაკი წერეთელზე, ვერა ხალოდნაიაზე, სერგო ზაქარიაძეზე... 27 წლის იყო, როცა ე.წ. სამეული მიადგა და ჩემი ოჯახი  გაუყენეს  ყაზახეთის გზას. ერთთვიანი დაუსრულებელი მგზავრობის შემდეგ  ჩააღწიეს. მამაჩემს გული იქ დაუავადმყოფდა. წლების მერე ის სწორედ გულით გარდაიცვალა. სტალინის სიკვდილის შემდეგ, შეიცვალა რეპრესირებულების ბედი და სამუდამო გადასახლება შეეცვალათ. ჩემი ოჯახიც დაუბრუნდა სამშობლოს. მახსოვს, მიყვებიდა ტყვეობის დეტალებს, მაიძულებდნენ მეთქვა საიდუმლო ინფორმაციებიო. რაც არ ვიცოდი რას მოვუყვებოდიო და იარაღის კონდახით მცემდნენო. იქ დაიჭრა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მთელი ცხოვრება სხეულით ხუთ ტყვიას ატარებდა. როცა ვეკითხებოდით, პაპა, რატომ არ იკეთებ ოპერაციას მეთქი? ის ყოველთვის მპასუხობდა, ჩემი მემატიანეები არიან, ეს ჩემი ისტორია, ჩემი ბედისწერაა და ამითი უნდა წავიდე ამ ქვეყნიდანო. ნატყვიებს მანახებდა ხოლმე...“ 

30-იანი წლების საქართველო, წითელი საქართველო... რეალობა, სადაც დავიწყებული უნდა ყოფილიყო ყველაფერი ქართული, ეროვნული. წითლების შემოსვლისთანავე, გადარჩენის სანაცვლოდ, იმპერიალისტური აზრით უნდა ეცხოვრათ ქართველებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტყვიის საფასურს იხდიდნენ საკუთარი სიცოცხლით ან სამუდამო გადასახლების საგზურით, სამშობლოდან სადღაც შორეულ მისამართზე. ხიდჩატეხილობა ქართველებსა და გარუსებულ ქართველებს შორის ყველაზე მეტად 1937 წელს მომძლავრდა. რეჟიმის ათასობით მსხვერპლს შორის აღმოჩნდა, იმ დროს, ახალგაზრდა ჟურნალისტი, დიდი ივანე ჯავახიშვილის მოსახელე და მოგვარე. დიდი ივანეს მსგავსად, ისიც წერდა, პატარა ივანე ჯავახიშვილი 1910 წელს, სოფელ ძევერში დაიბადა. მერე ოჯახმა ცხოვრება თბილისში, მეუნარგიას ქუჩაზე დაიწყო. ივანეს მამა, ოჯახს ვაჭრობით არჩენდა. შეძლებული ჯავახიშვილები იმ ხანად მთელ თბილისურ ეზოს ფლობდნენ. 

ერთი შეხედვით მშვიდ ცხოვრებას, საბჭოთა რეჟიმი დრო და დრო ცვლიდა. მაშინ, გაწითლებულ საქართველოში არავის ეძინა მშვიდად. ყველა ელოდა კარზე კაკუნს. ბინდის შიშში ატარებდა წლებს მთელი ერი. არ ეძინათ ჯავახიშვილებსაც. მაშინ ივანე, 27 წლის იყო. ის მეუღლესთან და ორ მცირე წლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. წერდა სხვადასხვა გაზეთებში, აცოცხლებდა საზოგადოებისათვის საინტერესო ადამიანების შესახებ, იკვლევდა სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ისტორიებსა და ინტერესდებოდა გასაბჭოებულ საქართველოში მოქმედ ფაბრიკა-ქარხნებში არსებული ვითარებით. მეგობრობდა საინტერესო ადამიანებთან და ცდილობდა ირგვლლივ გამეფულ ტირანიას ახლობლების წრეში, მოლხენით დაპირსპირებოდა. 

ივანე ჯავახიშვილმა გადასახლება ყაზახეთში გამოიარა, ცოლსა და ორ ვაჟიშვილთან ერთად. მისი უმცროსი შვილის, ავთანდილის ქალიშვილი, მსოფლიოში ცნობილი, ოპერის მომღერალი თამარ ჯავახიშვილი, იგივე თამარ ივერია. ჯავახიშვილების ოჯახის ისტორიაზე, სწორედ ოპერის ვარსკვლავი უამბობს მკითხველს:  

თამარ ივერი: „ივანეს პირველი ოჯახი ჰყავდა. პირველი მეუღლე იულია ბერიძე გახლდათ, როგორც ამბობდნენ, ულამაზესი ქალი იყოო. ივანეს მასთან გაუჩნდა ვაჟიშვილი, ნოდარი. პაპას პირველი ოჯახი დაენგრა, იულია მეორედ გათხოვდა. მერე ივანემ, ულამაზეს ქალბატონზე, თამარ ჩიკოიძეზე იქორწინა. პაპას და ბებიას ერთმანეთი კინოში გაუცნიათ. მასთან გაუჩნდა იაზონი და მამაჩემი, ავთანდილი. ბაბუა რთული კაცი იყო, მკაცრი და თავისებური. უყვარდა მოლხენა. ჩვენს ოჯახში ყოველთვის აუღებელი სუფრები იყო. ძალიან იტაცებდა ადამიანურ ისტორიებზე წერა. თუმცა ასევე წერდა, ორგანიზაციებზე, ეკლესიებზე და სხვადასხვა თემებზე. ეს არ იყო ადამიანი, რომელიც პოლიტიკაზე, ან რაიმე ინტრიგნობაზე წერდა. როცა გადასახლების მიზნით, ე.წ. სამეულმა მოაკითხა, “საჭირო ნივთების მოსაგროვებლად სულ რამდენიმე საათი მისცეს. მამაჩემი მაშინ ძალიან პატარა ყოფილა, გამოსულა ოთახიდან და სამხედრო ფორმაში გამოწყობილებისთვის უთქვამს, რატომ გვაშინებთ, იცოდეთ სტალინს ვეტყვიო. მათ უპასუხიათ პატარა ბავშვისთვის, სტალინის ბრძანებით მოვედითო. ტანსაცმლისა და სულ რამდენიმე ნივთის წაღება მოასწრეს.“ - ამბობს თამარ ივერი

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი