„ბაგრატოვანთა სახლში ყოველთვის იყო კინკლაობა და კონფლიქტი“, - თავადაზნაურთა საზოგადოება სამეფო კონფლიქტზე

13:22 03-12-2019
615

ქართველ თავად-აზნაურთა საზოგადოება სამეფო ოჯახის სასამართლო დავას ეხმაურება. „პრაიმტაიმთან“ საუბარში ლევან ჩოლოყაშვილი ამბობს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის „ძალად ქორწინება“ შეცდომა იყო, რომლის სამარცხვინო შედეგებს სამეფო ოჯახთან ერთად ქვეყანა ახლა იმკის და კომიკურ როლში ვართ საერთაშორისო არენაზე.

გარდა ამისა, თავად-აზნაურები ფიქრობენ, რომ ბაგრატიონთა ერთი შტოსთვის საქართველო მხოლოდ ბიზნეს ინტერესებს ატარებს. ხოლო მონარქიის აღდგენის იდეა რუსეთს ეკუთვნის.

ლევან ჩოლოყაშვილი, ქართველ თავად-აზნაურთა საზოგადოების ხელმძღვანელი: „ბაგრატოვანთა სახლში  ყოველთვის იყო კინკალობა და კონფლიქტი. ეს იმდენად სერიოზულ ხასიათს ატარებდა, რომ ყოველთვის ვრცელდებოდა ხმები მათ შესახებ. დავის მუდმივი მიზეზი უფლებებისა და მოვალეობების გადანაწილება იყო. რაც შეეხება დაპირისპირებულ სამეფო წყვილს, ეს მოულოდნელი არც ყოფილა. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყავდა ოჯახი, რომელიც დაუნგრიეს და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ძალად შერთეს ცოლად. მსგავსი ხელოვნური გადაწყვეტილებები და ამ შემთხვევაში მათი ქორწინებაც თავიდანვე იყო განწირული. მათ შორის კინკლაობა და ისეთი სისულელეები, როგორიცაა ჩინ-მენდლების ჩამორიგება და ა.შ ყოველთვის იქნება. ეს აბსურდის თეატრი უნდა დამთავრდეს. ჩვენმა საზოგადოებამ შეხვედრა მოუწყო ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონებს. ყოველ ჯერზე მიმყარდება მოსაზრება, რომ მათ საქართველოსთან მიმართებაში მხოლოდ ბიზნეს ინტერესები აქვთ. დაუფარავად კითხულობენ, რისი გატანა შეიძლება საქართველოდან ბიზნესის კუთხით და ა.შ. რა სარგებლის მომტანია ხალხისთვის მონარქია? რიგით მოქალაქეებს ეკონომიკურად დააწვება და გაჩნდება კიდევ ერთი ინსტიტუტი, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. ლეიბორისტული პარტია აქტიურად გამოდიოდა მონარქიის აღდენის იდეით. წარმოიდგინეთ, ჩვენ ქართველ თავად-აზნაურთა საზოგადოების სრული შემადგენლობა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ვიყავით და ვართ წინააღმდეგნი და მუშურ-გლეხური პარტია იყო მონარქიის მომხრე. ამ თემის დრო და დრო გახმაურებით საერთაშორისო არენაზე გამოვდივართ კომიკურ როლში. ჩვენი სურვილია, განვითარებულ და ეკონომიკურად მყარ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ. თუ შევედრებით დიდ ბრიტანეთს, იქ მონარქიის უწყვეტობის ტრადიცია აქვს.  ჩვენთან კი, სწორედ ბაგრატიონებმა გადააბარეს ქვეყანა რუსეთს. საქართველოში მონარქია მხოლოდ იმპერიალისტურ მეზობელს აძლევს ხელს და მის ინტერესებს ემსახურება. ეს იმდენად თეთრი ძაფითაა შეკერილი, რომ მარტივად მისახვედრია...“

შეგახსენებთ, რომ ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ სასამართლოში დავას აგრძელებენ სამეფო სტატუსის შეუსაბამოდ გამოყენების გამო, ხოლო ბაგრატიონ-მუხრანელი ბაგრატიონ-გრუზინსკებს სამეფო გენეალოგიის არქონაში ადანაშაულებს და მოითხოვს დნმ-ის კვლევით დადასტურდეს მათი წარმომავლობა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური