ზალკალიანი - ევროპარლამენტის რეზოლუცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს

08:09 03-13-2019
23

ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა და კერძოდ, ევროპარლამენტმა რუსეთთან ურთიერთობის ანგარიშის კონტექსტში ახსენა საქართველო, კერძოდ იმ ჭრილში, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების თაობაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, ანგარიში მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს, მასში ნახსენებია ტერმინი „ოკუპაცია“, ასევე არის მოწოდება, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროპარლამენტისგან მუდმივი მხარდაჭერა აქვს, რაც მსგავსი რეზოლუციების მიღებით დასტურდება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 12 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების თაობაზე.

ანგარიში ევროპარლამენტის წევრმა სანდრა კალნიეტემ წარადგინა. 

„ანგარიშში პირდაპირაა ხაზგასმული რუსეთის მეირ საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაციის საკითხი. ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უპირობოდ და სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა დებულება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაცია და ანექსია, მისი პირდაპირი და არაპირდაპირი ჩართულობა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებულ კონფლიქტებში და საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი დარღვევა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიული პრინციპებისა და ფუნდამენტური ღირებულებების მიზანმიმართულ დარღვევას”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.