25 წლის დაკარგული მამაკაცის გადაადგილების სავარაუდო მარშუტი - რას ყვებიან თვითმხილველები

11:11 03-13-2019
11013

უკვე მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ 25 წლის გიგი გეგეჭკორს, რომელიც 9 მარტს გაუჩინარდა. პრაიმტაიმი მეგობრებზე და თვითმხილველებზე დაყრდნობით შეეცადა დაკარგული მამაკაცის გადაადგილების სავარაუდო მარშუტის დადგენას. 

ირკვევა, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს მეგობრებთან ერთად დუეშეთის რაიონის სოფელ წითელსოფელში იმყოფებოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა საღამოს მეგობრებს დაახლოებით 22:30 საათზე დასცილდა. მეგობრების გადმოცემით, ის წითელსოფლის გადასახვევთან უცნობს ჩაუჯდა მანქანაში და დუშეთის მიმართულებით წავიდა. მას შემდეგ ის აღარ უნახავთ. 

გიგი გეგეჭკორი 11 მარტს ორმა ადგილობრივმა ფასანაურის გზაზე დააფიქსირა. მათი გადმოცემით ის გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით ე.წ. ავტოსტოპით ცდილობდა გადაადგილებას. 

მეორე დღეს, ანუ 12 მარტს დაახლოებით იმავე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ დააფიქსირა მამაკაცი, რომელის აღწერილობაც გიგი გეგეჭკორის მონაცემებს ემთხვევა. თვითმხილველის გადმოცემით, ამჯერად ის საპირისპირო მიმართულებით, ანუ თბილისისკენ ცდილობდა გადაადგილებას და გამვლელი ავტომობილის გაჩერებას. 

ამ წუთებშიც ფასანაურსა და მის მიმდებარე დასახლებებში მეგობრები, სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დაკარგული მამაკაცის ძებნას განაგრძობენ.