სოციალური მუშაკები ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ დავას აგრძელებენ (Exclusive)

14:43 03-13-2019
476

სოციალური მომსახურების სააგენტოდან წასულმა სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა დავით სერგეენკოს წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყონ. ამის შესახებ მათ „პრაიმტაიმთან“ განაცხადეს.

მარი ბანძავა: „არ გამოვრიცხავთ, მოგვიწიოს სამართლებრივი დავის დაწყება ჯანდაცვის სამინიტროს წინააღმდეგ. ამას თავად სისტემა გვაიძულებს. ჩვენ წლების განმავლობაში ბევრი რამ ვცადეთ, თუმცა, ყოველ ჯერზე იყო უშედეგო დაპირებები. ჩვენს უშაულო ზემდგომს, სოციალური მომსახურების სააგნტოს სასოწარკვეთილები ვეხვეწებოდით, ყურადღება მოექციათ. შიშველი ხელებით ვმუშაობდით. სანამ ოთხი წლის ბავშვი არ გარდაიცვალა, არავინ ყურად არ იღო ჩვენი თხოვნა. ამის შემდეგ, მოხდა ის, რომ გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრებიდან გაუშვეს ოთხი სოციალური მუშაკი და გაარემონტეს გლდანის ოფისი. თუმცა, ჩვენი მოთხოვნის მიუხედვავად, კონფიდენციალური შეხვედრებისთვის სივრცე ისევ არ მოაწყვეს. მაგალითისთვის გეტყვით - ძალადობის მსხვერპლი ქალი რომ მივიდეს მას პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი ათ თანამშრომელთან და ამაზე მეტ ბენეფიციართად ერთად მოუწევს. იტყვის სიმართლეს? თუ სისტემის გამო, ისევ იძულებული გახდება, დაუბრუნდეს ძალადობრივ გარემოს? აი, ასეთ ელემენტარულზე გვაქვს მოთხოვნა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი და ჯანდაცვის სამინიტრო ერთსულოვნად გვეუბნება, ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში და ცვლილებების მოთხოვნისას, გაითვალისწინეთო“...

სოციალური მუშაკები მინისტრს მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ორკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქუჩაში გამოსვლებით იმუქრებიან. 

სოფო ხვთისიაშვილი: „თუ ბატონი მინისტრი მარტის ბოლომდე არ განახორციელებს ძირეულ ცვლილებებს, თუ არ გამოსწორდება სოციალური მუშაკებისთვის სამუშაო პირობები და ბენეფიციარებისთვის არ შეიქმნება სასიცოცხლოდ აუცილებელი მომსახურებები, თვის ბოლოს საქართველოს მასშტაბით გაფიცული 200-მდე სოციალური მუშაკი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბენეფიციარები და ყველა ჩვენი მხარდამჭერი ქუჩაში უვადო საპროტესტო აქციებს გავმართავთ და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ მინისტრს არ ვაიძულებთ სისტემური პრობლემების გადაწყვეტას. ის, რომ არ გვეღუპებიან ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები, მოხუცები, მხოლოდ გამართლების ამბავია, თორემ შესაბამისი მომსახურებები ნამდვილად არ არსებობს ქვეყანაში. ჩვენ, სოციალურ მუშაკებს გვინდა, კეთილსინდისიერად შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული სამუშაო. თუმცა, სისტემა ამის საშუალებას არ გვაძლევს და ჩვენ, ჩვენი მორალური ვალდებულებებით ამ დრომდე მოვაღწიეთ და თავიც ამოვწურეთ. ახლა, მომსახურებები, დახმარება და მხარდაჭერა გვჭირდება ზემდგომი უწყებისგან და არა კონკრეტული ადამიანებისკენ ხელის გაშვერა, ესეც არა ჩვენთვის, არამედ - საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებებისთვის. თავად სერგეენკო შვიდი წელია მინიტრის პოსტს იკავებს და მხოლოდ ახლახანს თქვა, ამ დრომდე არ ვიცოდი, რა სირთულეებს აწყდებიან სოციალური მუშაკებიო“.  

შეგახსენებთ, რომ აქტივისტი სოციალური მუშაკები საინიციატივო ჯგუფში გაერთიანდნენ და მედიატორის მეშვეობით მოლაპარაკებებს აწარმოებენ სერგეენკოსთან, რომელიც სოციალური სამუშაოების პოლიტიკის საბჭოს ხელმძღვანელია.

სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის საჭირო დამხმარე სერვისების შექმნას და საზოგადოებაში კეთილდღეობის მიღწევას.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური