პირველი ქართველი მოკრივე გოგო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა - „პრაიმტაიმის“ ექსკლუზივი

16:15 03-13-2019
180

ანა ხუნჯუა 19 წლის სპორტსმენია ხობიდან, რომელმაც სპორტის საბრძოლო სახეობაში წარმატებებს მიაღწია. ბედი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში და ძიუდოში სცადა, მაგრამ საკუთარი თავი კრივში იპოვა. განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ბელარუსი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს კრივის ისტორიაში ევროპის 22 წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა. ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

​ანა ხუნჯუამ პრაიმტაიმის კითხვებს უპასუხა.

- როდის და რატომ დაინტერესდი სპორტის ამ სახეობით?
- ბავშვობიდან სპორტით ვარ გატაცებული. ოჯახიც სპორტული მყავს. მამა მწვრთნელია, შესაბამისად, გენეტიკურად მეც საკუთარი თავი სპორტში ვიპოვე. 12 წლიდან ბედი სხვადასხვა სახეობაში ვცადე, მაგრამ კრივი მუდმივად ჩემი ბავშვობის ოცნება იყო!

- რამდენად რთულია ქალისთვის იყოს მოკრივე?
- ამ კითხვაზე პასუხი ძალიან რთულია, რადგან კრივი არის ფიზიკური კონტაქტი და ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე. ქალისთვის ცოტა რთულია და ზოგადად საზოგადოებისთვისაც, თუმცა, ჩემი აზრით, შეუძლებელი არაფერია. გამბედაობა, ძლიერი სურვილი და მონდომება ყოველგვარ სტერეოტიპს ამსხვრევს.

- რა იყო შენი პირველი წარმატება?
- მოგებული მაქვს ღია ტურნირები. შარშან დიდების ევროპის ჩემპიონატზეც კარგად გამოვიჩინე თავი. თუმცა, ეს ევროპის ჩემპიონატის პირველი მედალია ჩემთვის. ეს მინიმუმია, წინ კიდევ ნახევარფინალი გველოდება, სადაც რუს მეტოქეს ვხდებით. 

- მომიყევით, რა გრძნობა დაგეუფლათ გამარჯვებისას?
- რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი მეც მწვრთნელებიც და მთელი საქართველო. როცა აცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი პირველად ხდება შენს ცხოვრებაში და საქართველოს ისტორიაში, ძნელია უემოციოდ შეხვდე ამ ყველაფერს. ამ გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი.

ავტორი: თეონა აბესაძე