ოკუპირებული ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება დავით ქაცარავას და მოძრაობის -„ძალა ერთობაშია“ - წევრებს დაპატიმრებით ემუქრება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ „საქართველოს მხარე, მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ 15 მარტს, საზღვარზე პროვოკაციების მოწყობას გეგმავს, რათა შექმნან არასტაბილური გარემო სახელმწიფო საზღვართან და პოლიტიკური ქულები დაიწერონ. ჩვენი ინფორმაციით, დავით ქაცარავა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის ბრძოლას აპირებს. მსგავსი ტიპის პროვოკაციებსა და საზღვრების კანონმდებლობის დარღვევას აუცილებლად მოყვება ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება.“ - ამ ინფორმაციას ავრცელებს სოციალური მედია საშუალება „სპუტნიკი“.
დავით ქაცარავა „პრაიმტაიმს“ უამბობს, რომ მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ აპირებს ადგილობრივ მოსახლეობას მიწების დამუშავებაში დაეხმაროს. ასევე, აპირებენ კამპანიის წამოწყებას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მცოცავი ოკუპაციის ფარგლებში, მიტაცებული 100 ჰექტარი მიწის გათავისუფლებას სოფელ ბობნევსა და ხურვალეთს შორის, რომელიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებია.
ქაცარავამ მიმართვა სოციალური ქსელით გაავრცელა და განმარტა, რომ ოკუპირებული ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან სახიფათო სიგნალია პროვოკაციებზე მუქარა.
„მოგეხსენებათ, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ძალა ერთობაშია გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ა/წ ის 15 მარტს იგეგმებოდა ჩვენი აქტივისტების მიერ ხურვალეთში მაცხოვრებლების ბაღების დამუშავება. იმ ბაღებში, რომლებშიც რუსი ოკუპანტები შეუფერხებლად შემოდიან და ჩვენს მოსახლეობას ატერორებენ. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩვენ ხურვალეთლებს დავეხმარებოდით მიწის დამუშავებაში, რომელიც დღეს ჩვენი ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიას ეკუთვნის. ჩვენ განცხადებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა საოკუპაციო-სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. კგბ. ამ განცხადებაში პირდაპირ იკითხება პროვოკაციის მოწყობის მუქარა.
ასევე, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ამ განცხადებაში ამოკითხული სერიოზული პროვოკაციის საშიშროება დაგვიდასტურეს. ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, ჩვენი მოქალაქეების ბაღების მიმდებარედ დაწესდეს პოლიციის 24 საათიანი პატრულირება და ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთოს ამ მოქალაქეებისთვის ბაღების (ჩვენი ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორია) დამუშავების პროცესში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენი მოქმედებები არ შეიცავენ არანაირ პროვოკაციას და ვმოქმედებთ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის დასტურია ჩვენი პატრულირება ატოცში, სადაც ჩვენს მიერ არც ერთხელ არ დარღვეულა საოკუპაციო ხაზი.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქმედებას და ჩვენი მოქალაქეების ბაღების დამუშავების პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის, ორი ყარაფილელის გატაცების, ატოცში ოკუპანტების საგუშაგოზე ორკების რაოდენობის ზრდის ფონზე, საოკუპაციო რეჟიმის ეს განცხადება განსაკუთრებულად ნეგატიური და სახიფათო სიგნალია.
თარიღს დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას“, - ნათქვამია ქაცარავას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სამოქალაქო პატრულირებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ ე.წ. საზღვრებთან ახორციელებს.
ავტორი: თამარ ბუჩუკური