ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „მავთულხლართების ზონა“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების შელახვას ეხება.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში გატაცებულთა რიცხვი საგანგაშოა. აგვისტოს ომის დასრულებიდან 2016 წლამდე ოკუპანტებმა 14 000-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს.
პრაიმტაიმი ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელს ალეკო ცქიტიშვილს ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სტატისტიკური მონაცემები, როგორც საქართველოს ოფიციალური უწყებებიდან, ისე - რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამსახურიდანაც გამოითხოვეს.
რუსეთის მიერ მოწოდებული სტატისტიკა აღემატება საქართველოშო აღრიცხულთა რაოდენობას, რადგან დაკავებები ძირითადად ხდება უშუალოდ ე.წ. საზღვრებთან საქართველოში შემოსვლის დროს, სადაც ქართული მხარე არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას. კვლევის დროს, ძირითადად აქცენტს ვაკეთებდით ადამიანთა უფლებების შელახვაზე, წამებასა და უღირს მოპყრობაზე, ანუ ჩვენ გავინტერესებდა უფრო შინაარსი, ვიდრე რაოდენობა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ 2009 წლიდან 2016 წლამდე დაკავებულთა რიცხვმა 14 000 შეადგინა. ჩვენ მიერ გამოკითხულმა მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ ფიზიკური ძალადობისა და წამების გზით ხდებოდა მათი გატაცება და შემდეგ - დაკავება. ყოფილა შემთხვევა, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონში მცხოვრები ადამიანი ე.წ. საზღვარზე გადასვლის დროს დააკავეს. აფხაზი მესაზღვრის გაღიზიანება მოჰყვა ამ ფაქტს, რადგან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტის მქონე პირის უფლებები იქნა დარღვეული,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
„პრაიმტაიმმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაცია 2018 წელს გატაცებულთა და დაკავებულთა სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა. როგორც სუს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, 2018 წელს 128 პირი იქნა დაკავებული.
ავტორი: თამარ ბუჩუკური