ბორდერიზაციის ახალი კერა არ არის დაფიქსირებული - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
"როგორც ხედავთ, ადგილზე პატრულირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში. გარდა ამისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან ან განცხადებისგან, რამაც შეიძლება მოახდინოს სიტუაციის პროვოცირება და საფრთხე შეუქმნას ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს,“ - განაცხადა ანთაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაფიქსირდა თუ არა ოკუპანტების გადაადგილება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ „ინციდენტები ამ მონაკვეთზე დაფიქსირებული არ არის.“
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხურვალეთის გარკვეული ნაწილი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ამან სამოქალაქო აქტივისტების აღშფოთება გამოიწვია და ხურვალეთის მისადგომებთან ვითარება დაიძაბა კიდეც.
სოფლის შესასვლელი სამართალდამცველებმა გადაკეტეს. თუმცა, მოგვიანებით გზა მედიისთვის გაიხსნა.