პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება. პარტიის ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე როგორც პარლამენტის მოქმედი, შემდეგ კი, როგორც ყოფილი თავმჯდომარის დაცვა ხორციელდებოდა.
მისივე თქმით, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის შემდგომ გამოძიების ფარგლებში ამერიკული მხარის რეკომენდაციის საფუძველზე გაგრძელდა სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფა, როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერზე.
„დღეს არსებული მდგომარეობით, აღნიშნული საქმის გამოძიება დასრულებულია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის დაშლის გამო აღარ ვსარგებლობ უმცირესობის ლიდერის სტატუსით. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება გაუქმდეს ჩემი სახელმწიფო დაცვა.“ - ნათქვამია ბაქრაძის ოფიციალურ წერილში.
კანონში შესული ცვლილებებით, სახელმწიფო დაცვა პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ერთი წლის ვადით უნარჩუნდება. თუმცა, იყო საგამონაკლისო წესი მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე უნარჩუნდებოდა. საკანონმდებლო ცვლილებებით, ეს გამონაკლისი უქმდება და კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ დავით ბაქრაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება.