დიზაინერი ზვიად ციკოლია საათების წარმოებას შვეიცარიიდან საქართველოში გადმოტანას გეგმავს და ამჟამად ინვესტიციების მოძიების პროცესშია. აქვს ამბიცია, რომ შვეიცარიულზე უკეთესი საათების დამზადება საქართველოშიც შესაძლებელია.
„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ შვეიცარიიდან წარმოება საქართველოში გადმოვიტანო, თუმცა ამას ძალიან დიდი ინვესტიციები სჭირდება და ახლა თანხის მოძიების პროცესში ვართ. ვეძებთ გამოსავალს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან ამის გამოცდილება არ არსებობს, შესაბამისად, უნდა მოხდეს კადრების გადამზადება, რასაც ასევე სერიოზული თანხები სჭირდება. თუმცა მაქვს ამბიცია, რომ შვეიცარიულზე უკეთესი საათი ჩვენ დავამზადოთ. ვნახოთ, რა იქნება, დრო გვიჩვენებს ყველაფერს“,- განაცხადაბიზნესპრესნიუსთან საუბარში ზვიად ციკოლიამ.
ზვიად ციკოლიამ საათების კომპანია „UNIQ“ 2011 წელს დააარსა, რომლის ყველა მოდელის დიზაინი საქართველოშია შექმნილი და წარმოებულია შვეიცარიაში. 2015 წლიდან კი საათები მისი გვარით TSIKOLIA – გამოდის.
ციკოლიას საათები, მოვლენას, ისტორიულ ფაქტს ან ტრანსპორტს უკავშირდება. როგორც თავად ამბობს, არასოდეს ჰაერიდან მოტანილი არ არის. „სევენი“ მისი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი მანქანაა. ის ფაქტი, რომ საათებს მისი გვარი აწერია, დიზაინერს დღემდე უხერხულობის განცდას უჩენს.
საათების დიზაინი სამ კატეგორიად იყოფა: საავტომობილო, საავიაციო და საზღვაო. ყოველი მოდელი უნიკალურია და იმ საავტომობილო საშუალებების, თვითმფრინავებისა თუ გემების სახელობისაა, რომელთაც დიდი კვალი მსოფლიო ისტორიაში დატოვეს. ციკოლიას საათების ფასი საშუალოდ 800 ლარი ღირს. წარმოების საქართველოში გადმონაცვლებით, სავარაუდოდ ეს თანხა შემცირდება.
ნინო მარღანია