მოსამართლეობის კანდიდატებს უკვე წარადგენს არა ერთი პირი, არამედ კოლეგიური ორგანო, ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების ძირითადი პრინციპი არის ის, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იყოს.
,,დაწყებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადების შეტანიდან, გაგრძელებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით და პარლამენტისთვის წარდგენით, დასრულებული საქართველოს პარლამენტში კანდიდატების ინდივიდუალურად მოსმენით, წარმოდგენილია მთლიანობაში ხუთ ეტაპიანი პროცესი.
ჩვენ აქამდე გვქონდა მოდელი, როდესაც ერთი პირი, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენდა პარლამენტს კანდიდატებს ყოველგვარი პროცედურის გარეშე, არ არსებობდა არანაირი პროცედურა.
დღეს, კონსტიტუციით შეცვლილია მდგომარეობა - კანდიდატებს წარადგენს არ ერთი პირი, არამედ კოლეგიური ორგანო, ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
მეორე ძირითადი პრინციპი გახლავთ ის, რომ არ არსებობს შეზღუდვა, რომ რომელიმე კვალიფიციურ იურისტს შეეზღუდოს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.
მესამე ძირითადი პრინციპია ის, რომ ვაკანტური თანამდებობზე, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 18 ვაკანტური პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატის, ორნახევარჯერ მეტი კანდიდატის მოხვედრა არის გათვალისწინებული ე.წ. გრძელ სიაში.
მეოთხე ძირითადი პრინციპი გახლავთ ის, რომ თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მას არ ექნება საკუთარი თავისთვის ხმის მიცემის უფლება. ეს გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს.
მეხუთე ძირითადი პრინციპით - საბჭო კანდიდატებს გაესაუბრება ინდივიდუალურად, რაც იქნება საჯარო.
მეექვსე ძირითადი პრინციპით - საბჭოს წევრების მხრიდან მოხდება კანდიდატების შესაბამისი ქულებით შეფასება.
მეშვიდე ძირითადი პრინციპით - საბჭო კანდიდატების შერჩევისას იხელმძღვანელებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით.
მერვე ძირითადი პრინციპი გახლავთ, ის რომ საბჭოში პროცესი წარიმართება ორი თვის განმავლობაში
ასევე, გასათვალისწინებელია მეცხრე ძირითადი პრინციპი, რომ თუკი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ კანდიდატებზე საბჭოს რომელიმე წევრს ექნება განსხვავებული პოზიცია, არ დაეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას, საბჭო თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს და დაასაბუთოს თავის პოზიცია, თუ რატომ არ ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას.
მეათე ძირითადი პრინციპი უკვე უკავშირდება საქართველოს პარლამენტს, თუ როგორ წარიმართება პროცესი საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქმნება სამუშაო ჯგუფი.