სოციალურად დაუცველ, რეანიმაციაში მყოფ მამაკაცს 26 000 ლარის გადახდას სთხოვენ

13:30 03-18-2019
1049

უკვე ერთი თვეა, 59 წლის ლერი ჩოხელიშვილი ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მამაკაცი იქ მესამე ხარისხის თერმული დამწვრობით 17 თებერვალს მოათავსეს. ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ჩოხელაშვილი ასე მძიმედ საკუთარ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა.

ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ დაანგარიშებული წინასწარი კალკულაციით, მისი მკურნალობისთვის 41 100 ლარია გახარჯული. აქედან 15 ათასი ლარი საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ აანაზღაურა. დარჩენილი  26100 ლარი პაციენტის ოჯახმა უნდა გადაიხადოს. მარტოხელა, სოციალურად დაუცველ პაციენტს ახლა ყოფილი მეუღლე პატრონობს. ეკა ურბელაშვილი ამბობს, რომ ამ თანხის გადახდის საშუალება არც მას აქვს და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

ეკა ურბელაშვილი, ლერი ჩოხელიშვილის ყოფილი მეუღლე:  „როცა ხანძარი გაჩნდა, ჩემს მეუღლეს ეძინა. ცეცხლმა მის ოთახში რომ შეაღწია, მაშინ გამოეძვიღა და შიშველი ხელებით  დაიწყო ცეცხლთან გამკლავება. სასწაულებრივად გადარჩა. ქვაბი, რომ ქვაბია, ისიც კი დამდნარია. მისი დაუდევრობით არ მომხდარა ეს უბედურება. ძლიერმა ქარმა დენის სადენები გაწყვიტა და სახლს ცეცხლი წაეკიდა. საშინლად დაიწვა. ცდილობდა, ერთადერთი სახლის გადარჩენას. მაშინვე გამოვიძახეთ კატასტროფის ბრიგადა და ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. გუშინ შესრულდა ზუსტად ერთი თვე, რაც საავადმყოფოში წევს, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება 15 ათასლი ლარი უკვე ამოიწურა. გუშინდელი დღის მონაცემებით, 26 ათასი ლარი ჩვენი ოჯახის გადასახდელია. ამ თანხაში არ შედის ოპერაციის თანხა. ჯერ არაფერი გადაგვიხდია. ამ ეტაპზე ფინანსების მოძიებაში ვართ. შეიძლება კიდევ ერთი თვე რეანიმაციაში დატოვონ, ამას კიდევ დაემატება თანხა, რითი უნდა გადავიხადო არ ვიცი... უკვე 12 წელია მე და ჩემი მეუღლე ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. მას სოციალურად დაუცველის სტატუსი ამ შემთხვევამდე სამი თვით ადრე შეუწყვიტეს.  შეშის დაჭრაზე და ბარვაზე მუშაობდა. მისი შემოსავალი ეს იყო. სახლიდან ერთი ნივთიც კი არ დარჩა, რომ გაგვეყიდა. მე რაც გამაჩნია ყველაფერს გავყიდი, მაგრამ ამხელა თანხას მაინც ვერ მოვაგროვებ. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ათასი ლარით დაგეხმარებითო. მყავს ორი სტუდენტი შვილი, უფროსს დიაბეტი აქვს... საავადმყოფოში მითხრეს, გაკეთდება გრძელვადიანი განვადება და ეტაპობრივად პაციენტმა უნდა გადაიხადოსო. თუ ჩემს მეუღლეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთდება, როგორ უნდა იმუშაოს, რითი შეძლებს ამ თანხის გადახდას არ ვიცი. კეთილი ადამიანების დახმადების იმედი მაქვს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.“

ხანძარი ახმეტაში, ფშავის N6-ში, 17 თებერვალს შუაღამისას გაჩნდა.

ავტორი თორნიკე ყაჯრიშვილი