ბავშვები კლასის ფანჯრებიდან უყურებენ რუს ჯარისკაცებს - ხურვალეთში სკოლის გადატანას მოითხოვენ

14:47 03-18-2019
777

ხურვალეთის მოსახლეობა სოფლის ერთადერთი სკოლის უსაფრთხო ადგილას გადატანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საინიციატივო ჯგუფის „დევნილები დევნილებისთვის“ წევრმა, ნინო კვარაცხელიამ ექსკლუზიურად განუცხადა.

ნინო კვარაცხელია: „ხურვალეთის მოსახლეობა ძალიან წუხს. როგორც ამბობენ, სკოლა საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოსაა და მათი შვილები კლასის ფანჯრებიდან უყურებენ რუს ჯარისკაცებს, მათი გადაადგილების მარშრუტსა და ტექნიკას. ერთ-ერთმა ქალბატონმა გვითხრა, ყოველ დილას, როცა ჩემს შვილს სკოლაში ვუშვებ ბესლანის სკოლაში დატრიალებული ტრაგედია მიტრიალებს თავში და შიშით ველოდები უკან რომ უვნებელი დამიბრუნდესო... ასეთ ფსიქოლოგიურ ტერორში ცხოვრობს ხალხი. როგორც მითხრეს, მათ მიმართეს ადგილობრივ თვითმართველობას აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით. თუმცა, უთხრეს სხვა სოფლიდანაც დადიან აქ ბავშვები და მოსახერხებელ ადგილას არის სკოლაო. ახლა, ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ და მოითხოვენ უსაფრთო ადგილას გადაიტანონ სკოლა. მინდოდა, ჩემი თვალით მენახა, რამდენად ახლოს იყო სასწავლო დაწესებულება საოკუპაციო ხაზთან. პატრული სოფელში შესვლის წამიდან არ მოგვშორებია. მათ ვთხოვეთ სკოლის ეზომდე მივეცილებინეთ, თუმცა უარი გვითხრეს, არც მარტო გაგვიშვეს. როცა მიზეზი ვკითხე, ვერაფერიც ვერ დამისაბუთეს. ახლა, უფრო მეტად გამიჩნდა ეჭვი, რომ იქ მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თუ ჩემთვის, ზრდასრული ქალისთვის არ იყო გარკვეული მიზეზების გამო შესაძლებელი სკოლის ეზოში მისვლა, მაშინ რატომ არიან ჩვენი პატარები იძულებულები იქ იარონ? სოფლის რწმუნებულსაც ვესაუბრეთ, თუმცა კონკრეტული არაფერი არ გაგვიგია. მოსახლეობა დუმს, ვერ ახერხებენ გარეშე პირს თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან პოლიცია წამით არ ტოვებს უცხოს ადგილობრივთან პირისპირ სასაუბროდ. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. ფაქტია, რომ მოსახლეობას დახმარება სჭირდება“.

ხურვალეთის რწმუნებული და სკოლის დირექტორი ირწმუნებიან, რომ მათ პირველად „პრაიმტაიმისგან“ გაიგეს ხურვალეთელი მშობლების პროტესტის შესახებ.

სკოლის დირექტორმა არ იცის დაახლოებით სკოლიდან რამდენ მეტრშია საოკუპაციო ზოლი, რწმუნებული კი თვლის, რომ მოსწავლეებს რუსი სამხედროებისგან ქართველი მორიგე პოლიციელები იცავენ.  

იზა წიქარიძე, ხურავლეთის საჯარო სკოლის დირექტორი: „შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. საზღვარი ახლოსაა სკოლასთან, საოკუპაციო ხაზთან ბოლო წერტილია, გიდასტურებთ.  ჩვენს სკოლაში ამჟამად ორი სოფლიდან - ხურვალეთიდან და ახალი ხურვალეთიდან 91 ბავშვი დადის. არცერთი მათგანის მშობელს არ გამოუთქვამს პრეტენზია შენობის ადგილ-მდებარეობის შესახებ. თუმცა, პოლიცია ჩვენს გვერდითაა და თუ რაიმე პრობლემა იქნა აუცილებლად გვექნება ინფორმაცია, რადგან სასწავლო დაწესებულება ერთ-ერთი სტრატეგიული ადგილია.

როინ ადიკაშვილი, ხურვალეთის რწმუნებული: სკოლა ახლოსაა, იქნება ასე 200-300 მეტრში. ახლა, თქვენგან მესმის პირველად ადგილობრივების მოთხოვნა სკოლის გადატანასთან დაკავშირებით. ამჟამად, არც პროექტი არსებობს ამის შესახებ და არც არავის მოუმართავს ჩვენთვის. ჩემი შვილებიც ხურვალეთის სკოლაში სწავლობენ და მე, როგორც მშობელი ვიტყვი, რომ დაცულები შეიძლება არც არავინ არ ვართ, მაგრამ ამ წუთას, ვერც საფრთეს ვერ ვხედავ. ჩვენი პოლიცია 24-საათიან რეჟიმში პატრულირებს და თავს დაცულებად ვგრძნობთ. მე ვფიქრობ, რომ საჭიროების შემთვევაში, პოლიცია თავისუფლად შეძლებს ოკუპანტთა მორიგეობას“.

იმასთან დაკავშირებით, რომ საინიციატივო ჯგუფის „დევნილები დევნილებისთვის“ წევრებს სკოლის ეზოში შესვლის უფლება არ მიეცათ, ადიკაშვილი განმარტავს, რომ ასე პოლიციამ გადაწყვიტა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური