გედევან ფოფხაძე -ეს კანონი წაართმევს მომავალს თქვენს შვილებს, თორემ მე ისედაც უშვილო ვარ

15:56 03-18-2019
70

ზონდერმოსამართლეები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი გააპრავეს, იქცნენ  “კაი ბიჭებად თქვენს ხელში. უნდა აგონ პასუხი! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.

გედევან ფოფხაძის თქმით, დეპუტატებს მისდით მესიჯები, რომ თუ უმრავლესობის წევრები ეკა ბესელიასა და მისი თანაგუნდელების მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, პარტიიდან გარიცხავენ.

„ამ კანონის მიზანი, ან გვყავდეს ღირსეული მოსამართლეები ან დავამთავროთ ის, რაც იუსტიციის საბჭოში ხდება. ერთხელ და სამუდამოდ თვალი გავუსწოროთ რეალობას, რომელშიც ვართ. ანრი კითხულობდა, ენდობი პარლამენტს თუ არა ენდობიო. მე არ ვენდობი ჩემ კოლეგებს, რომლებიც ღებულობენ მესიჯებს, რომ თუ ამ კანონს ხმას მიცემენ, ისინი პარტიიდან იქნებიან გარიცხულები და ამაზე პროტესტის გრძნობა არა აქვთ. ჩემთვის ეს პრინციპულია, რადგან თუ ვსაუბრობთ კონსტიტუციის დაცვაზე, კონსტიტუციის დარღვევაა ის, რომ დეპუტატს პარტია უგზავნის მესიჯს, შენ გარიცხული იქნები პარტიიდან, თუ შენ ამა და ამ პოზიციას არ დააფიქსირებო. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაშიც ვართ, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი გზას გაუხნის ჩინჩალაძეს და მის სიას და მეტი ამაში არაფერი იქნება. ეს იქნება კანონი, რომელიც წაართმევს მომავალს თქვენს შვილებს, თორემ მე ისედაც უშვილო ვარ. იმედს წაართმევს საზოგადოებას იმისას, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს. ნუ ვიქნებით კანონის მშრალი წაკითხვის ოსტატები და თვალი გავუსწოროთ რაც ხდება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.