„პრაიმტაიმის“ რეიდი საავადმყოფოებში - საგანგაშო კადრები (ვიდეო)

17:04 03-18-2019
3441

“პრაიმტაიმის“ ე.წ. რეიდი სამედიცინო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე - ღია ცის ქვეშ დაყრილი სამედიცინო ნარჩენები, ხელთათმანები, ბახილები, ბაქტერიებისგან დამცავი ნიღბები, სისხლისა და შარდის ანალიზებისთვის გამოყენებული პლასტმასის კონტეინერები... 

სამედიცინო ნარჩენების მართვა წესების დაცვით ასე ხდება: გამოყენებული სამედიცინო ნივთები ცალ-ცალკე სხვადასხვა სპეციალურ კონტეინერში. ამის შემდეგ, სამედიცინო, ან ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სხვა ტიპის დაწესებულებიდან გადის სხვა კომპანიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს შეგროვებასა და ტრანსპორტირებას. სახიფათო ნარჩენების გადატანა, სპეციალური დახურული მანქანებით ხდება. დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ, ნარჩენებს პირველ რიგში სტერილიზაცია ორთქლით, ანუ ავტოკლავირება უტარდება. მხოლოდ ამის შემდეგ, ხვდება ნარჩენი ინსინერატორში - დაწვის მიზნით. ამას ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს, რომელიც 2014 წელს დამტკიცდა. სხვა მნიშვნელოვან პუნქტებს შორის, რეგლამენტში ვკითხულობთ, რომ ნარჩენები საშიშროების მიხედვით ხუთ კლასად იყოფა, მათ შორის სარისკო და განსაკუთრებით საშიშ ნარჩენებად, რომელთა გარემოში მოხვედრა კატეგორიულად დაუშვებელია.

ანატომიური ნარჩენი თავისი საშიშროების მიხედვით “ბ” და “გ” კლასს, ანუ სარისკო ჯგუფს განეკუთვნება. ამავე წესების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენების შერევა დაუშვებელია. შესაბამისად, მათი ლიკვიდაციის წესებიც რადიკალურად განსხვავებულია. სამედიცინო ნარჩენების მართვის კუთხით პასუხისმგებლობა, ორ სამინისტროს შორის ნაწილდება. ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ არის, სამედიცინო ნარჩენების ადგილზე სეპარაცია და შეგროვება, ხოლო ტრანსპორტირება და განადგურება, გარემოს დაცვის სამინისტროს ევალება.

კანონის ზედმიწევნით დაცვით გატანილი და განადგურებული სახიფათო ნარჩენი,  გარემოსთვის ბოლომდე უსაფრთხო მაინც არ არის, ღია სივრცეში უკონტროლოდ დატოვებული მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო ნარჩენი კი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

იხილეთ „პრაიმტაიმის“ მომზადებული რეპორტაჟი შემზარავი კადრებით.


თორნიკე ყაჯრიშვილი