„აა პლასტის“ დირექტორი ლევან ბიწაძე შიშობს, რომ შეფუთვის წესის ახალი რეგულაცია, რომელიც 1 აპრილიდან უნდა შევიდეს ძალაში, 5000-ზე მეტ ადამიანს უმუშევარს დატოვებს და ცვლილებისთვის მთავრობისგან გონივრული ვადის მიცემას ითხოვს. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმთან“ განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, მივესალმები მთავრობის ინიციატივას, პოლიეთილენის პარკების წარმოების აკრძალვის შესახებ. ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ, გადავიდეთ ბიო პარკების წარმოებაზე. ჩვენც გვყავს შვილები და ვფიქრობთ მომავალზე და ჯანსაღ გარემოზე. მარტივი მისახვედრია, რომ ადგილობრივ წარმოებას ჩაანაცვლებს იმპორტირებული საქონელი და საზღვარზე თავისუფლად შემოვა, რადგან კონტროლის არანაირი მექანიზმი არ აქვს ჩვენს ქვეყანას. სახელმწიფომ თავისი წილი ვალდებულება არ შეასრულა. არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც დაადგენს ნამდვილად იწარმოება თუ არა ბიო საქონელი. არცერთი მეწარმე არ ითხოვს ფინანსურ თანადგომას სახელმწიფო ინსტიტუტებიდან. თითოეული ჩვენგანი ჩვენივე ფინანსებით გადავალთ ბიო პარკების წარმოებაზე, ამისათვის კი, მხოლოდ დრო უნდა მოგვცენ, რომელიც ქართულ წარმოებას სჭირდება“ - განმარტავს ბიწაძე.
ირკვევა, რომ პოლიეთილენის პარკების კიდევ 11 მწარმოებელი დგას ანალოგიური პრობლემის წინაშე და ისინიც ბიწაძის მსგავსად, ვადის გადაწევას მოითხოვენ.
„12 საწარმოში დასაქმებული და ასევე, დილერებიც 5000-ზე მეტი ადამიანია. თუ წარმოება გაჩერდება, ყველა უმუშევარი დარჩება“, - აცხადებს მწარმოებელი.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. ხოლო 1 აპრილიდან სრულად აიკრძალება პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
ავტორი: თამარ ბუჩუკური