ლეკვები პირველად გადავარჩინე - მეხანძრეები „პრაიმტაიმს“ დიღომში გაჩენილი ხანძრის შესახებ უყვებიან

19:02 03-18-2019
706

ელექტრო ტექნიკის მაღაზიის საწყობში გაჩენილ ხანძარზე უკვე არაერთი ვერსია გავრცელდა. ბჭობენ, განიხილავენ და ვარაუდობენ - ვის, ან რას შეიძლება გამოეწვია ხანძარი. ამ კითხვებს გამოძიება გასცემს პასუხს.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოს, სადაც ორ მეხანძრე-მაშველს პატარა გადარჩენილი ლეკვი ხელში უჭირავს, უკვე მეორე დღეა, საზოგადოება სოციალურ ქსელში პოზიტიურ პოსტებს  უძღვნის. “პრაიმტაიმი“ დაინტერესდა იმ მეხანძრე-მაშველებით, რომლებმაც ხანძრის დროს ლეკვები გადაარჩინეს.  

25 წლის ემზარ გოგავა და 33 წლის მერაბ ქობესაშვილი გლდანი-ნაძალადევის მე-14 განყოფილების მეხანძრე-მაშველები არიან. მათი ბრიგადა პირველი იყო, ვინც შემთხვევის ადგილას მივიდა და ხანძარის ჩაქრობას შეუდგა. 

ემზარ გოგავა - „9 წელია რაც მეხანძრე-მაშველი ვარ. გუშინდელი ხანძარი სხვა დანარჩენებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ძალიან მასშტაბური იყო. ჩემს პრაქტიკაში არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადამირჩენია, თუმცა ლეკვები პირველად გადავარჩინე. როცა მივედით ძლიერი ხანძარი დაგხვდა. ძლიერი ქარი ცეცხლის ლოკალოზებაში ხელს გვიშლიდა, მაშინვე დავიწყეთ ჩაქრობა და როდესაც შენობაში შევედით, ერთ-ერთ კერაზე დაგვხდა პატარა, დაახლოდებით 3-4 თვის ლეკვი. მაშინვე ავიყვანეთ და გავიყვანეთ უსაფრთხო ადგილას. ისევ ცეცხლმოკიდებულ შენობაში შევედით. უკვე შიგნით, სადაც ტექნიკა იწვოდა, კიდევ ერთი პატარა ლეკვი ვიპოვეთ. ისიც მაშინვე უსაფრთხო ადგილას გამოვიყვანეთ. მე და მერაბმა ჩავთვალეთ, რომ ლეკვების დედა ხანძარს ემსხვერპლა. მოგვიანებით,  შეშინებული  ლეკვების დედა გარეთ ვიპოვეთ. ხანძრის შემდეგ, ძაღლები ჩვენს ოფისში  წავიყვანეთ. მოგვიანებით, მეპატრონემ მოაკითხა და წაიყვანა.

მერაბ ქობესაშვილი: „33 წლის გავხდი. უკვე მეშვიდე წელია, რაც მეხანძრე-მაშველი ვარ. ასეთ მასშტაბურ ხანძარზე პირველად ვიყავი. ის ლეკვები, რომლებიც ჩვენ გადავარჩინეთ ძალიან შეშინებულები იყვნენ. პირველად ვნახე ძაღლებს ასეთი ჩახუტება და კოცნა რომ შეძლებიათ. პატარა ლეკვები ჯერ ჩვენ გვეხუტებდონენ, მერე როცა დედას მივუყვანეთ მათ ჩაეხუტნენ. დედალმა ძაღლმა ლეკვები ისე ჩაიხუტა და კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით ამ სურათს. ძალიან ბედნიერები ვართ მეც და ემზარიც, რომ ორი პატარა არსება გადავარჩინეთ.

დიდ დიღომში, ტექნო მიქსის ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი. ზარალი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე 23 სახანძრო-სამაშვო ჯგუფი მუშაობდა. 

მეხანძრე-მაშველებმა  შენობიდან უვნებლად გამოყვანეს 1 ადამიანი.

შსს-სინფორმაციით, გამოძიებადაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თორნიკე ყაჯრიშვილი