სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა გადაიდო

12:16 03-19-2019
37

ყველა ჩემს კოლეგას ვთხოვ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით კონსულტაციები გავაგრძელოთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს ხანებში იმ რელიგიურ ორგანიზაციებს შეხვდება, რომლებიც არაკეთილსინდისიერად სარგებლობდნენ ამ შეღავათებით. 

„პროექტმა გარკვეული უთანხმოება გამოიწვია საზოგადოებაში, მათ შორის, ადგილი ჰქონდა სპეკულაციას. რამდენადაც ჩემი პროექტის მიხედვით არანაირი მინიშნება ან მითითება არ არის რომელიმე კონფენსიისთვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე, ჩემთვის, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისთვის მთავარი ამოცანაა, რომ რამდენადაც გაწვევის სისტემას შეექმნა ძალიან სერიოზული პრობლემა. მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაცია არაკეთილსინდისიერად იყენებს ამ მოცემულობას. მოგიწოდებთ ყველას, რომ ამ შემთხვევაში, ერთობლივად ვიმსჯელოთ. კარგად გესმით, რომ თუ ასე გაგრძელდა , ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნება მთლიანად თავდაცვის, უსაფრთხოების სექტორს. ერთ- ერთი რელიგიური ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის არაკეთილსინდისიერად გამოყენებამ გამოიწვია ის, რომ 6 900-მა წვევამდელმა არაკეთილსინდისიერად თავი აარიდა კონსტიტუციურ ვალდებულებას. ამიტომ, გავაგრძელოთ მუშაობა. ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ჩაერთონ ამ დისკუსიაში და უკვე მას შემდეგ, რაც შევჯერდებით და მოვხსნით შფოთვას რელიგიურ ორგანიზაციებში, რომ ადგილი არ ჰქონდეს დისკრიმინაციას, მაშინ მოხდება მისი კომიტეტზე განხილვა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ  საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობენ გაუქმდეს.