ონლაინ სწავლება მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. სხვადასხვა პოპულარული უნივერსიტეტის დიპლომის მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც, ქვეყნიდან და სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.
პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლა ფუფუნება აღარ არის. ამისთვის კი მხოლოდ ინტერნეტი და ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნაა საჭირო. ბრიტანულმა გამოცემამ Times Higher Education (THE) მსოფლიოს 1000 საუკეთესო კურსის რეიტინგი შეადგინა. ტოპ ათეულში მხოლოდ ბრიტანული და ამერიკული უნივერსიტეტები მოხვდნენ.
ბოლო 6 წლის განმავლობაში, დაახლოებით 800-მა უნივერსიტეტმა 10,000-ზე მეტი ონლაინ კურსი შექმნა. კურსები სხვადასხვა საგანს, მათ შორის: კომპიუტერულ მეცნიერებებს, მათემატიკას, პროგრამირებას, ჰუმანიტარულსა და სოციალურ მეცნიერებებს, განათლებასა და სწავლებას, მედიცინას, ბიზნესს, ინჟინერიას, ხელოვნებას, დიზაინს, და მეცნიერებას მოიცავს.
ამ კურსების უმრავლესობა დედლაინებით არ არის განსაზღვრული, რაც თავისუფალ დროს სწავლის საშუალებას გაძლევთ.
არსებობს სპეციალური ორგანიზაციები, რომელთა ვებგვერდზე დარეგისტრირების შემთხვევაში, სხვადასხვა დისციპლინის უამრავ სალექციო კურსზე გაქვს წვდომა. ეს წამყვანი უნივერსიტეტების წარმატებული პროფესორების ვირტუალური კლასებია, 24/7-ის რეჟიმში მომუშავე, რომლის მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან.
EdX www.edx.org ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც ნებისმიერ მსურველს ონლაინ კურსებს სთავაზობს. Edx მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ 2012 წელს დაარსდა და ბოლო მონაცემებით მის 2400-ზე მეტ კურსს 70 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
Edx-ის კურსები მსოფლიოს წამყვანი 53 უნივერსიტეტების ლექტორების ვიდეო ლექციებისაგან შედგება, რომლებიც კვირეების მიხედვით არის გაწერილი. კურსები ინგლისური ენის გარდა, ჩინურად, ფრანგულად და ესპანურადაც არის შესაძლებელი. ისეთ უნივერსიტეტებს აერთიანებს, როგორებიცაა ოქსფორდის უნივერსიტეტი – დიდი ბრიტანეთი
კემბრიჯი, კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, სტენფორდი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, ჰარვარდი, პრინტონის უნივერსიტეტი, ლონდონის იმპერიული კოლეჯი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი და პენსილვანიის უნივერსიტეტი.
Edx-ის კურსების მოსმენა სრულიად უფასოა, მაგრამ თუ კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გსურთ, მაშინ მასში თანხის გადახდა მოგიწევთ.
ნინო მარღანია