მატარებლის ვაგონი, ელექტრო ენერგიის განაწილების ჯიხური, სასაფლაოს დაცვის შენობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ არასაცხოვრებელი შენობებიდან, სადაც ბავშვები უკვე მრავალი წელია იზრდებიან. „პრაიმტაიმის“ რუბრიკა „სოციალური კონტროლი“ არასაცხოვრებელ ფართში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობით დაინტერესდა.
როგორც ირკვევა, სამივე ოჯახმა დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა მერიას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, სოციალური მომსახურების სააგენტოს. სამივე შემთხვევაში შესაბამისი უწყებებიდან პასუხი სტანდარტული და ლაკონურია: „თქვენი განცხადება განხილვაშია“.
ცხოვრება დენის ჯიხურში
ირინა გაბინაშვილი უკვე ორი წელია, რუსთავში დენის განაწილების გაუქმებულ ჯიხურში ცხოვრობს ექვს შვილთან ერთად. მისი ოჯახის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. უფროს შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ცხვირ-ხახის ანგიოფიბრობა. მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებს.
„მერიის სამსახურის წარმომადგენელმა ორი წლის წინ მითხრა, პირველ რიგში შენს ოჯახს გადავცემთ ბინასო. მას შემდეგ როცა ვკითხულობ რა ეტაპზეა ჩვენი მდგომარეობა, მპახუხობენ ერთსადაიმავეს: „თქვენი განცხადება განხილვაშია“. როდის განიხილავენ და როდის გვეღირსება ადამიანურ პირობებში ცხოვრება არ ვიცი...“, - განუმარტა „პრაიმტაიმს“ ირინა გაბინაშვილმა.
ერთწლიანი წარუმატებელი ლოდინის შემდეგ, ექვსი შვილის დედამ ადგილობრივ მუნიციაპლიტეტს მიმართა, დაკავებული ჯიხურის საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ირინას თქმით, დაპირებული შენობის გადაცემის საკითხიც ჭიანურდება.
„მძივებით სხვადასხვა ნივთებს ვაკეთებ, მაგრამ იშვიათად იყიდება. მტკვარზე ვთევზაობ კიდეც. ამ ცივ თვეებში წყალში ვერ ჩავდიოდი და ბადით ვერ ვთევზაობდი, ამიტომ ანკესს ვიყენებდი, ისიც ეკოლოგიის შესაბამისმა სამსახურმა წამართვა. ვწვალობ, მაგრამ ხელში თანხა არასოდეს არ მიჭირავს“, - ამბობს ექვსი შვილის დედა.
სასაფლაოს მოვლით აღებული ფულით გამოკვებილი სამი შვილი
რუსუდან გიორგაძე სამ მოზარდ გოგონასთან ერთად უკვე შვიდი წელია დამპალოს სასაფალოს დარაჯის შენობაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები მას ბინის გადაცემას ოთხი წლის წინ დაპირდნენ, მაგრამ ახლა პასუხობენ, რომ „განცხადება განხილვაშია“. ახლა, რუსუდანი დაკავებული ფართის პირად საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. თუმცა, ესეც ჭიანურდება და შესაბამისი სამსახური ისევ „განიხილავს“ სამი შვილის მარტოხელა დედას გადასცეს თუ არა 17 კვ. მეტრი შენობა.
„მეშინია, გარეთ არ აღმოვჩნდე სამ პატარასთან ერთად. თავს სოციალური დახმარებითა და სასაფლაოების მოვლაში აღებული თანხით ვირჩენთ, ხალხიც გვეხმარება, მაგრამ ქუჩაში როგორ ვიცხოვროთ?“ - აცხადებს რუსუდან გიორგაძე.
„მე და ჩემი ქმარი ძირითადად ვშიმშილობთ და შვილებს ვუნაწილებთ ჩვენს წილ საკვებს“, - 7 შვილის დედა
ია მასპინძელაშვილი საბურთალოს ქუჩაზე, მატარებლის ვაგონში ავადმყოფ მეუღლესთან და შვიდ შვილთან ერთად ათი წელია ცხოვრობს.
„სანამ ქმარი ავარიაში მოყვებოდა და დაინვალიდდებოდა, მანამდე კიდევ რა გვიჭირდა, შემდეგ უფროს შვილს გულის პრობლემები შეექმნა, ახლაც ავადაა. 23 წლის ბიჭს სახსრებზე წანაზარდები აქვს და ისიც ცუდადაა. შვიდი შვილის დედა ხან გამგეობაში, ხანაც მერიაში დავდიოდი საცხოვრისის გადმოცემის თაობაზე, მაგრამ მუდმივად და წლობით „განხილვაშია“. რა განხილვა უნდა მატარებელში მცხოვრებ ოჯახს? სულ პატარა სამი წლის მყავს და უფასო სასადილოში მასზე პურს არ გვაძლევენ. ექვს წლამდე არ ვიძლევითო, ასე მითხრეს. ისედაც, ერთ სულზე პატარა პურის ნახევარს გავძლევენ და ჩემი პატარასთვის სულ რამდენიმე ნაჭერი არ გამოყვეს. ასეა თუ ისე, მე და ჩემი ქმარი ძირითადად ვშიმშილობთ და შვილებს ვუნაწილებთ ჩვენს წილ საკვებს. როცა პურს ვერ იმეტებენ, ბინას მოგვცემენ? აღარაფრის იმედი აღარ მაქვს“, - ამბობს ია მასპინძელაშვილი.
„პრაიმტაიმი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სოციალური მუშაკების შეფასების საფუძველზე თვითმმართველობები სთავაზობენ უსახლკარო ოჯახებს საცხოვრისის გადაცემას, ან ქირის გადახდის უზრუნველყოფას.
„ბავშვების ოჯახის გაძლიერებისათვის, ხდება ყველა არსებული რესურსის გამოყენება, იმისათვის, რომ არ მოხდეს მისი გამოყვანა ოჯახიდან. სოციალური დახმარებისა და მომსახურების მიწოდების მიზანია ბავშვის ოჯახში შენარჩუნება - აცხადებს „პრაიმტაიმთან“ სააგენტოს წარმომადგენელი ხათუნა ჯიქია.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე დამატებითი სოციალური საცხოვრისის მშენებლობა არ მიმდინარეობს. თუმცა, წლის ბოლომდე 40-მდე უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს ბინას გადასცემენ.
„დღეისათვის ეს პროცესი გაიარა 519–მა ოჯახმა, აქედან 150–ისთვის შეთავაზებული იქნა მიუსაფართა თავშესაფარი, 55 ოჯახს საცხოვრისში ცხოვრებაზე ხელშეკრულება გაუგრძელდა, 25 ოჯახი დაკმაყოფილდა, 11–მა უარი განაცხადა საცხოვრისში ცხოვრებაზე, მომლოდინეთა რიგშია 200–ზე მეტი ოჯახი“ - ამის შესახებ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, ხათუნა ავლოხაშვილმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა.
შეგახსენებთ, უსახლკაროს სტატუსის მაძიებელი ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ბოლო ორი წელი უწყვეტად იყოს რეგისტრირებული თბილისის ტერიტორიაზე, არ ფლობდეს უძრავ ქონებას, ასევე, არ უნდა ფიქსირდებოდეს რაიმე ფართზე მართლზომიერი მფლობელობისა და უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი, შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს დაშვებულ ზღვარს, არ უნდა ფიქსირდებოდეს საზღვრის კვეთა (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), ოჯახის თითოეული უმუშევარი წევრი სამუშაოს მაძიებლად რეგისტრირებული უნდა იყოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე.