სახიფათო სილამაზის სალონები - ''პრაიმტაიმის'' რეიდი (ვიდეო)

23:32 03-20-2019
1089

რამდენად დაცულია თმის შესაჭრელად თუ მანიკურის გასაკეთებლად შესული მომხმარებელი სილამაზის სალონში?! ამ მარადიულ კითხვაზე პასუხი, თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს აქვს.

დედაქალაქის მასშტაბით სწორედ ამ უწყებას აქვს ჩაბარებული სილამაზის სალონების მონიტორინგი. პროტოკოლის მიხედვით, მათ სალონების შერჩევითი შემოწმება წელიწადში ერთხელ ევალებათ. ინფექციის კონტროლის დროს გამოვლენილი დარღვევების დროს სალონს ვერ აჯარიმებენ. მათი მოვალეობაა, დარღვევების მითითება და სწავლება,  გონივრული ვადის მიცემა დარღვევების გამოსასწორებლად. თუ განმეორებითი შესვლის დროს კვლავ დახვდებათ დარღვევები, მაშინ იწერება საჯარიმო ოქმი.

დღემდე შემოწმებულია 809 სალონი. 2017-ში- 416, 2018 წელს -354, ხოლო მიმდინარე წელს -39. განმეორებით შემოწმდა  580 სალონი.                                                                     

2019 წლის რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია 1 873 ფიზიკური პირი და ,,შპს. სალონების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უწყებას ამ ეტაპისთვის არ აქვს.  როგორც თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრში აცხადებენ, სილამაზის სალონების მონიტორინგისას  ძირითადი დარღვევებია დეზინფექცია, სტერილიზაციის პროცედურების წარმოებაში როგორც კრიტიკული, ასევე ნახევრად კრიტიკული და არაკრიტიკული ინსტრუმენტების გამოყენება.

რისკფაქტორები სილამაზის სალონებში

C  და B ჰეპატიტის ადამიანისგან ადამიანზე გადაცემა, ძირითადად, ინფიცირებული სისხლითა და სხვა ბიოლოგიური სითხეებით ხდება. როგორც მედიკოსები ამბობენ, C ჰეპატიტისა და შიდსის ვირუსის გასანადგურებლად იარაღების სტერილიზაციისთვის მინიმუმ - 100, ხოლო  B ჰეპატიტის შემთხვევაში - 120 გრადუსი ტემპერატურაა საჭირო. ხშირ შემთხვევაში კი სილამაზის სალონების თანამშრომლებმა ისიც კი არ იციან, რამდენ გრადუს ტემპერატურაზე ასტერილებენ ხელსაწყოებს.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი