სოფელ ქედელში ერთი დიდი და ლამაზი სახლია. ამ სათემო ორგანიზაციას “ქედელი“ ჰქვია და მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებელში ახლა 26 შშმ პირი ცხოვრობს. ამ სახლს სამი მზის შვილი ჰყავს - ანდრო, ბორია და მიშა.
ქედელში დღეს განსაკუთრებული დღეა. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ.
პიკასო
37 წლის ანდრო პოღოსიანს ქედელში ყველა პიკასოს ეძახის. ის ამ სახლში 2006 წელს კასპის ბავშვთა სახლიდან მოხვდა. მას ოჯახი არ ჰყავს. როგორც ამბობენ, კასპის ბავშვთა სახლის ბენეფიციარები არსაიდან მოსულებივით არიან. მათი ისტორია არ არსებობს. ანდრო ჯანმრთელობას არ უჩივის, ენერგიულია, ხატვის არაჩვეულებრივი ნიჭიც აქვს. თუ ვინმე ძალიან მოსწონს, თავის ყველაზე ლამაზ ნამუშევარს ჩუქნის. განსაკუთრებით სამზარეულოში ტრიალი უყვარს. პიკასოს იმიტომ ეძახიან, რომ არაჩვეულებრივად ხატავს აბსტრაქციებს. პირველად ადამიანებს ცარიელი თვალებითა და ღია პირით ხატავდა. წლებთან ერთად მისი ნამუშევრებიც გაფერადდა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ის ემოციები, რომელიც ქაღალდზე გადმოაქვს, ბევრად დადებითი და პოზიტიურია, ვიდრე ადრე იყო. ანდრო რამდენიმე წლის წინ გავიცანი. ეს დიალოგიც ჩვენს შორის მაშინ შედგა.
- მიყვარს ყვავილების, მდინარეების ხატვა. მიყვარს სახლის დალაგება. საჭმლის გაკეთება, ვბარავ, ვთესავ. მიყვარს ეს საქმეც
- რაზე ოცნებობ? - დედაზე. მაინტერესებს, როგორია. მენატრება მამა, ძმა, და. მინდა ერთხელ მაინც ვნახო.
ტყეში მარტო დარჩენილი
46 წლის ბორია აფაქიძეც მზის შვილია, ის ძირითადად ხის სათამაშოს აკეთებს. მასაც მძიმე ისტორია აქვს. დედის გარდაცვალების შემდეგ მასზე მზრუნველობა ოჯახის ახლობელს უკისრია, შემდეგ კი მისი სახლი გაუყიდია და ტყეში მარტო დაუტოვებია. უკვე 7 წელია, ბორია ამ სახლის ბინადარია. როგორც ამბობენ, ის თბილი და ყურადღებიანია. სახელოსნოში მუშაობს, ხის სათამაშოებს ამზადებს.
უცნაური თვისება
დაუნის სინდრომის მქონე 47 წლის მიშა თუთბერიძე ამ დაწესებულებაში დაარსების დღიდან ცხოვრობს. ის ფერმაში პირუტყვსა და ღორებს უვლის. იცის, როდის უნდა წაუღოს საქონელს წყალი და თივა. მისთვის არც ცუდი ამინდია და არც მცხუნვარე მზე, მას ვერაფერი აჩერებს. იცის, რომ პირუტყვი ჰყავს მისახედი. საოცარი ჩვევა ჰქონია - ყოველ დილას, ადგომისთანავე, ყველა ბენეფიციარსა თუ მომსახურე პერსონალს გულზე ადებს თავს და შემდეგ საქმეს შეუდგება.
მსოფლიო 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ სინდრომის მქონე ადამიანებს 46 ქრომოსომის ნაცვლად ერთით ზედმეტი - 47 ქრომოსომა აქვთ. ყოველ სამ წუთში მსოფლიოში ერთი მზის შვილი იბადება.
ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!!!
თორნიკე ყაჯრიშვილი